ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"შელი" რუსულ ნავთობზე მთლიანად უარს ამბობს


გიგანტი ნავთობ-კომპანია „შელი“, რუსული ნავთობის და გაზის ბიზნესში ჩართულობას წყვეტს. სამშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. „შელი“ ერთ-ერთი პირველი წამყვანი დასავლური ნავთობ-კომპანიაა, რომელიც რუსეთიდან მთლიანად მიდის.

დასავლეთის სანქციებში რუსულ ნავთობზე და გაზზე გამონაკლისი იყო დაშვებული. აშშ-ს და ევროპელი მოკავშირეების მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე ფიქრის დაწყების შემდეგ, ორშაბათს, ბარელი ნავთობის ფასმა 139 დოლარს მიაღწია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ამერიკელმა კანონმდებლებმა აკრძალვისკენ მოუწოდეს, მაგრამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები მხოლოდ რუსულ ტანკერებს დაუწესა. უკრაინაში შეჭრაზე პროტესტის ნიშნად, რუსულ ხომალდებს თავის ნავსადგურებში შესვლა ბრიტანეთმა და კანადამაც აუკრძალეს.

„შელმა“ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ, რომელიც „სახალინ 2“ გაზის გათხევადების ქარხანასაც მოიცავდა, გასულ კვირაში რუსული ნავთობი შეიძინა. „სახალინ 2“-ის აქციების 27.5 პროცენტი „შელს“ ეკუთვნის, მაგრამ ქარხანას „გაზპრომი“ მართავს.

„კარგად გვესმის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, გასულ კვირაში რუსული ნედლი ნავთობის პარტია შეგვეძინა... არასწორი იყო და ამის გამო ბოდიშს ვიხდით“, თქვა „შელის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ვან ბურდენმა.

კომპანია ასევე გეგმავს დაასრულოს თავისი ჩართულობა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენში, რომლის დაფინანსებასაც კონსორციუმის ფარგლებში დაეხმარა.

XS
SM
MD
LG