ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი არჩევნების წინ საფრთხეებზე საუბრობს, ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე მიანიშნებს


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ სამშაბათის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებამ, შესაძლოა აშშ-ის დემოკრატია შეასუსტოს. იმავდროულად, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის შესაძლო მოპოვებამდე ორი დღით ადრე, თეთრი სახლისთვის კიდევ ერთი ფსონის დადების შესაძლებლობისკენ მიანიშნა.

ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს გაკეთებულმა ამ კომენტარებმა ხაზი გაუსვა იმ პირქუშ პერსპექტივას, რომლის წინაშეც ბაიდენის მეთაურობით, დემოკრატები იმყოფებიან, იმის მიუხედავად, რომ მათ სუფთა ენერგიის სტიმულების გაძლიერების და ნგრევის პირას მისული გზების და ხიდების აღდგენის მიმართულებით, ბევრი დაპირება შეასრულეს.

რესპუბლიკელები ბაიდენს პანდემიის პერიოდში მაღალი ინფლაციის და გაზრდილი დამნაშავეობის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ. დამოუკიდებელი მიმომხილველების პროგნოზით, უპირატესობა შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს ექნება. გამოკითხვების მიხედვით ვარაუდობენ, რომ კონტროლს წარმომადგენელთა პალატაზე და შესაძლოა სენატზეც, რესპუბლიკელები მოიპოვებენ. ჯორჯიაში, პენსილვანიაში და ნევადაში დემოკრატების ადრეული ლიდერობა აღარ შეინიშნება.

კონგრესის ერთ პალატაზე კონტროლიც კი, რესპუბლიკელებს საშუალებას მისცემს დემოკრატ ბაიდენის საკანონმდებლო გეგმები ჩიხში შეიყვანონ და შესაძლო დამაზიანებელი გამოძიებები დაიწყონ.

ბაიდენმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბევრი რესპუბლიკელი კანდიდატი, "გაყალბებული" 2020 წლის არჩევნების შესახებ ტრამპის ყალბი განცხადებების გამეორებით, ქვეყანაში დემოკრატიულ ნორმებს საფრთხეს უქმნის.

XS
SM
MD
LG