ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხერსონს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა


ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მუშაობენ ელექტროენერგიის ნაწილობრივ აღდგენაზე. მათი თქმით, დენი მას შემდეგ გამოირთო, რაც უკრაინამ ელექტროგადამცემი ხაზები დაბომბა.

უკრაინის სამხრეთ ქალაქს, რომელიც რუსეთმა სექტემბერში ანექსირებულად გამოაცხადა, კვირას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეუწყდა. ამის მიზეზი 3 ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება იყო.

კირილ სტრემუსოვმა, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, კრემლის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა, ორშაბათს განაცხადა, რომ ქალაქ ხერსონში „ენერგია და კავშირი ნაწილობრივ აღდგება“. სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა ბერისლავ-კახოვკის ელექტროგადამცემ ხაზზე. კვირას რუსული სახელმწიფო მედია იტყობინებოდა, რომ უკრაინის იერიშების შედეგად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ასევე დაზიანდა.

უკრაინის ოფიციალური პირებს აღნიშნულ ცნობებზე არ უსაუბრიათ. გასულ თვეში უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონში საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად წყვეტდნენ ელექტროენერგიას და წყალს, ასევე ზღუდავდნენ მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომას. ამით საოკუპაციო მთავრობა ცდილობდა ეიძულებინა მოსახლეობა, რომ მათ ქალაქი დაეტოვებინათ.

ათიათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ უკვე დატოვა რეგიონის დედაქალაქი მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, მათ მიიღეს ბრძანება ტერიტორიის ევაკუაციის შესახებ. ეს კიევის კონტრშეტევის გამო მოხდა, რომელმაც რეგიონში დაახლოებით 88 დასახლება დაიბრუნა (ტერიტორიის დაახლოებით 13%).

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები სამოქალაქო ტანსაცმელში ხერსონში მდებარე ბინებში გადავიდნენ, რომლებიც ევაკუაციის დროს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დატოვეს.

რუსეთი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ახორციელებს, რაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტსა და ხშირ შემთხვევაში დენის გამორთვას იწვევს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას ღამის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მან მოუწოდა უკრაინელებს გაუძლონ გასაჭირს და დამდეგ ზამთარს. „ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი და გაზაფხულზე უფრო ძლიერები ვიყოთ, ვიდრე ახლა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG