სირიის ოფიციალური პირები ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" ჯგუფებს ქალაქ ჰომსის ბაბა ამრის უბანში შეშვებაზე კვლავ უარს უცხადებენ. უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ჰუმანიტარული კატასტროფის გამო, რომელიც ქალაქის მოსახლეობას დაატყდა თავს.
ჰომსი უკვე რამდენიმე დღეა უწყლოდ, ელექტროენერგიის და ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე იმყოფება. არ ხდება ქალაქის საკვები პროდუქტით მომარაგება. საომარი ქმედებების გამო მოსახლეობა შიშით სახლებიდან ვერ გადის. ამ ყველაფერთან ერთად უკანასკნელ დღეებში სირიაში ძლიერ აცივდა და მოთოვა კიდეც.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარული მისია ბაბა ამრის უბნიდან სულ სამი კილომეტრის დაცილებით იმყოფება, მაგრამ ქალაქში შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მათ წინ სირიის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების ძალები ეღობებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ქმედება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობით არის განპირობებული.
ოპოზიციური წყაროები ამ ფაქტს მთავრობის მიერ განხორციელებული "ხოცვა-ჟლეტის" ფაქტების მიჩქმალვის მცდელობად აფასებს. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ქალაქ ჰომსში ამბოხებულთა დევნა, წამება და სიკვდილით დასჯა ისევ გრძელდება.