ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის განცხადებით, დამასკოს ბოლო შანსი აქვს


სეულში გაფრენამდე რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში სტუმრად მყოფ კოფი ანანს შეხვდა. გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალურმა წარგზავნილმა რუსეთის ფედერაციის ლიდერს სირიის საკითხში დახმარება თხოვა.

მედვედევის განცხადებით, დამასკოს ბოლო შანსი აქვს სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომზე თქვას უარი.

რუსეთის პრეზიდენტმა ამასთან დასძინა, რომ მოსკოვი შესაძლებლობის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს კონფლიქტის დასასრულებლად.

კოფი ანანმა ეს განცხადებები დადებითად შეაფასა:

ანანი: „ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას და მე მოსკოვის მხარდაჭერისა და რჩევის იმედი მექნება.“ „თქვენ ნამდვილად მართალი ხართ“-, განუცხადა ანანმა მედვედევს, -„როცა ამბობთ, რომ დამასკოს ნამდვილი შესაძლებლობა აქვს ჩემთან ითათბიროს და მედიაციის პროცესით ეს კონფლიქტი დაასრულოს, სირიაში შეუშვას ჰუმანიტარული ტვირთი და დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, რომელიც უთანხმოებას მშვიდობიანი გზით დაარეგულირებს.“

მედვედევმა თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამოხატა აღნიშნული გეგმის მხარდაჭერა და თქვა:

მედვედევი: „რუსეთი იმედოვნებს, რომ კოფი ანანის ძალისხმევა პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.“

კრემლი ამბობს იმასაც რომ სირიაში სისხლისღვრის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება სანამ არ შეწდება გარედან სირიის ოპოზიციის დახმარება. მოსკოვი ამასთან დარწმუნებულია, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია საუბარი კონფლიქტის ორივე მხარესთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სირიის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს ორი რეზოლუცია დაბლოკა, და მათ ასადის წინააღმდეგ ცალმხრივი რეზოლუციის პროექტები უწოდა. მიუხედავად მოსკოვის ხისტი პოზიციისა, გასულ კვირას მან მხარი დაუჭრა უშიშროების საბჭოს მიერ კოფი ანანის საგანგებო ელჩად დასახელებას და ანანის ხელმძღვანელობით შუამდგომლობის მისიას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეებში მხარი დაუჭირა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოწოდებას-სირიის მთავრობამ და მეამბოხეებმა ყოველ დღე, დროის ერთი მონაკვეთის განმავლობაში გააჩერონ საბრძოლო მოქმედებები, რათა ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს დაშავებულ მოსახლეობამდე მისვლის საშალება მიეცეს. ოფიციალურ დამასკოს ჯერჯერობით თანხმობა არ გამოუთქვამს ყოველდღური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მთელი სირიის მასშტაბით მოქმედების გაფართოების საშუალებას მისცემდა.

XS
SM
MD
LG