ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია - ამერიკელი პოლიტიკოსების თავსატეხი


შეერთებული შტატები მრავალმხრივი მიდგომით მოქმედებს

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები არ ეთანხმებიან ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებლის მოწოდებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი არკვევდა.

პრეზიდენტ ობამას შემდეგ თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა უარყო. ამის შესახებ პანეტამ სენატის სამხედრო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, სირიელი ხალხის სისხლიანი ჩაგვრა უნდა დასრულდეს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს. კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ დაძაბული საუბარი გაიმართა ლეონ პანეტას და რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს შორის. ეს უკანასკნელი სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელებას მოითხოვს. მაკკეინმა პანეტას შეახსენა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრინციპი, მასობრივი მკვლელობების შეჩერების შესახებ.

„ეთანხმებით თუ არა რომ სირიაში მასობრივი ჟლეტა მიმდინარეობს?“ - ამ შეკითხვით მაკკეინმა პანეტას მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

„კიდევ რადენი უნდა მოკვდეს? ათი ათასი, ოცი ათასი თუ უფრო მეტი?“ - განაცხადა მაკკეინმა.

ლეონ პანეტა სენატორს მიუგო, რომ შეერთებული შტატები სირიასთან მიმართებაში მრავალმხრივი მიდგომით მოქმედებს და სამხედრო ჩარევამდე წინასამოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი.

„ჩვენ უნდა შევქმნათ მრავალმხრივი კოალიცია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ მიმართულებით მუშაობა. ეს არ არის ადვილი. შეიძლება დღეს და ხვალ ამის გაკეთება? არა, ამას სჭირდება მუშაობა და გარკვეული დრო,“ - განაცხადა პანეტამ.

დამოუკიდებელმა სენატორმა ჯო ლიბერმანმა კი აღნიშნა, რომ სამოქმედო დრო თითქმის იწურება.

„მე ვფიქრობ თუკი ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას ერთ კოალიციად არ შევქმნით, უკან დავბრუნდებით, რაც არ იქნება მორალუად გამართლებული, რადგან მრავალი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება,“ - განაცხადა ლიბერმანმა.

ამავდროულად გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სირიაში არასაფრენი ზონის შექმნაზე დაიწყოს ზრუნვა, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დახმარებისთვის დერეფნები შეიქმნება.

XS
SM
MD
LG