მას შემდეგ რაც სირიის არმიაში დეზერტირთა რაოდენობა გაიზარდა, ქურთმა ჯარისკაცებმაც იარაღი დაყარეს და ერაყში გაიქცნენ. ისინი უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ასრულებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანებას, რის შემდეგაც დახოცილებს საერთო საფლავში მარხავდნენ. სირიის არმიის ყოფილი ჯარისკაცების მონათხრობი „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა სებასტიან მეიერმა ჩრდილოეთ ერაყში ჩაწერა.
ინტერნეტში გავრცელებულ სამოყვარულო ვიდეოზე ქალაქ დარააში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციაა ასახული. 21 წლის ყოფილი სირიელი ჯარისკაცი ჰასანი ამბობს, რომ მას დემონსტრაციის დახვრეტა უბრძანეს.
„ჩვენ იძულებული ვიყავით გვესროლა და დაგვეხოცა. როდესაც დემონსტრანტები გაიქცნენ, ჩვენ მაღაზიების მინები ჩავამსხვრიეთ და წყლის ავზები დავამატვრიეთ. ასევე შევედით მეჩეთებში და ყველაფერი დავლეწეთ,“ - ყვება ჰასანი.
მისი თქმით, სიკვდილით დასაჯეს ის ჯარისკაცები, ვინც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.
„დავინახე როგორ კლავდნენ მათ. ისინი კედელთან შეტრიალებულები დააყენეს, თვალები აუხვიეს და შემდეგ დახვრიტეს. ეს საკუთარი თვალით ვნახე,“ - ამბობს ჰასანი.
კიდევ ერთი ჯარისკაცი და ყოფილი ტანკისტი ჰომსის და მისი გარეუბნების დაბომბვის დეტალებს იხსენებს.
„ჩვენი დაჯგუფება ბაბა ამრში იდგა და იქიდან ქაოტურად ვბომბავდით ქალაქს. ჩვენ არ ვესროდით შერჩეულ სამიზნეებს. ჩვენთვის არ ქონდა მნიშვნელობა სამოქალაქოო პირი იქნებოდა სამიზნე, ამბოხებული თუ ოპოზიციონერი. უამრავი ადამიანი მოკვდა,“ - ამბოსბ აბდულა.
დაბომბვის შემდეგ მან საკუთარი თვალთ იხილა თუ როგორ ყრიდნენ დახოცილებს საერთო საფლავში.
„ბაბა ამრში უამრავი სამოქალაქო ადამიანი მოკვდა. ეს ზეთის ხილის ხეივანში მოხდა,“ - იხსენებს აბდულა.
მართალია, ყოფილი ჯარისკაცები ახლა უკვე უსაფრთხოდ არიან, თუმცა სირიაში დატრიალებულ ტრაგედიას ვერ ივიწყებენ. სირიის მთავრობა ცდილობს, რომ არმიიდან დეზერტირთა რაოდენობა შეამციროს. თუმცა ძალადობა გრძელდება და ბევრ ჯარისკაცი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, სირიიდან ჯერჯერობით 130 ჯარისაცი ყავთ შეფარებული.