კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა რუსულმა ჯამრმა ქალაქ მიკოლაევის ხელში აღება მოახერხა, ვაშინგტონში არ დაადასტურეს. პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამბობს, რომ მიკოლაევი უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის და ის რუსებს „ არასდროს აუღიათ“.
აღნიშნული, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკრაინაში არსებულ ვითარების მიმოხილვისას თქვა.
მისივე თქმით, რუსეთი, ომის დასაწყისში უკრაინის ტერიტორიის ირგვლივ დაგროვებული ჯარის და შეიარაღების 75% იყენებს. „ეს მოიცავს ქვეითებს, არტილერიას, ავიაციას, ბალისტიკურ რაკეტებსა თუ გემებს,“- ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი.
მაღალი ოფიციალური პირი, კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნით, ჟურნალისტებთან განმარტებითი საუბრის დროს ამბობს, რომ პენტაგონი ეთანხმება შეფასებას, რომ რუსეთის მთავარ მიზანს, ომის ამ ეტაპზე, დონბასის რეგიონი წარმოადგენს.
„ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსული ძალები ცდილობენ ისწავლონ და გამოასწორონ ზოგიერთი შეცდომა, რომლებიც მათ დაუშვეს ამ ომში, განსაკუთრებით კიევის გარშემო. საუბარია ლოჯისტიკასა და მხარდაჭერის პრობლემებზე,“- ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი და აქვე ამატებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ორივე მხარე საკუთარ პოზიციებს საკმაოდ მყარად იცავს".
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, მარიუპოლი ამ დროისთვის კვლავ სადაო ტერიტორად რჩება. დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კერბიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ თვლის, რომ მარიუპოლისთვის ბრძოლა დასრულებულია. კირბის განცხადებით, რუსეთი განახლებული იერიშის ამ ეტაპზე რუსეთი ნიადაგს სინჯავს მომავალი ოპერაციებისთვის.
პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთს უკრაინაში 78 ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს მობილიზებული და ბრძოლებში მათი ნაწილია ჩართული. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რუსები დამატებითი ძალების მობილიზებასაც ახდენენ, სამხედროების რომლებიც ამ დრომდე არ იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე.
ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ უკრაინული ჯარი რუსეთს დიდ წინააღმდეგობას უწევს პარტნიორი ქვეყნები კი უკრაინას დამატებით შეიარაღებას აწვდიან. მისი თქმით რუსებს გაცილებით დიდი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა უკრაინელ სამხედროებს თავიანთი უპირატესობები აქვთ. პენტაგონის წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ ამერიკული დახმარების ნაწილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა, ნაწილი კი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩავა. საუბარია 800 მილიონი ამერიკული დოლარის შეიარაღებაზე, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა გასულ კვირას გამოყო უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მისაწოდებლად.
მისივე თქმით, რუსეთმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 1 670-მდე რაკეტა გაუშვა.