რუსულმა მხარემ უკრაინის აღმოსავლეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ათასობით რუსი ჯარისკაცი ახლა მეზობელი ქვეყნის ორ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მის ძალებს შეუძლია ახალი თავდასხმების მოგერიება. მთავრობის წევრთა თქმით, რუსეთის მასობრივი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები ორშაბათიდან მთელი აღმოსავლეთის ფრონტის მიმართულებით განსაკუთრებით გაძლიერდა.
რუსეთის თავდასხმების განახლების შესახებ საუბრისას უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ მოწინააღმდეგემ საზღვრისპირა ქალაქი კრემინა აიღო, სადაც 18 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ეს ქალაქი ლუჰანსკის ტერიტორიულ ოლქს ეკუთვნის. რუსები სწორედ ორი ადმინსიტრაციულ-ტერიტორიული ოლქის ლუჰანსკისა და დონეცკის - იგივე დონბასის ოკუპირებას ცდილობენ. უკრაინული მხარე ამბობს, რომ მათ ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურ ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გაფართოება სურთ.
გუბერნატორმა სერგიი გაისაიმ თქვა, რომ ქალაქში რუსი სამხედროები შევიდნენ და მას ყველა მხრიდან უტევენ, მოსახლეობის ევაკუაცია კი თითქმის შეუძლებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ უკრაინაში "ოპერაციის ახალი ეტაპი იწყება". თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიჰუმ კი თქვა, რომ ამ ოპერაციის მიზანი დონეცკისა და ლუჰანსკის გათავისუფლებაა.
რუსეთი გადამწყვეტი ბრძოლების შესახებ აცხადებს მარიუპოლშიც. "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს - საპორტო ქალაქის დამცველებს რუსულმა მხარემ იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა, სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიის სანაცვლოდ. თუმცა ქალაქის მცველები ულტიმატუმს არ თანხმდებიან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ მხნეობისკენ მოუწოდა. "მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ რუს ჯარისკაცს გამოგზავნიან მანდ, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ თავს დავიცავთ", - თქვა მან.
კიევის შემოგარენში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ძალები აღმოსავლეთისკენ გადაისროლა, სავარაუდოდ დონბასის მიმართულებით გადამწყვეტი შეტეებისთვის. თუმცა სარაკეტო თავდასხმები სხვა არაერთ სამიზნეზე, მათ შორის დედაქალაქზეც გრძელდება.