ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრატორი სერხი ჰაიდაი ამბობს, რომ მანამ სანამ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში შეტევას განაახლებდა, უკრაინულმა ძალებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხეს. ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინელთა დიდი ნაწილი ქვეყნის დასავლეთში აპირებს დარჩენას.
„მათი ნაწილი საკუთარი მანქანებით წავიდა, ნაწილი მოხალისეების და ეკლესიების დახმარებით გაემგზავრა. ჩვენ მოვახერხეთ საერთო ჯამში 40 000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ისინი დასავლეთ უკრაინაში იმყოფებიან, არსად მიდიან, უზრუნველყოფილები იქნება მათი განთავსება უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქებში,“_ ამბობს სერხი ჰაიდაი.
რუსული ჯარი უტევს მარიუპოლს, ეპიცენტი კი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაა, სადაც უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადა და „აზოვის“ პოლკია განთავსებული. კრემლი მოითხოვს, სამხედროებმა იარაღი დაყარონ და ქალაქი ჩააბარონ. თუმცა უკრაინელი სამხედროები დანებებას არ აპირებენ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, 1,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მიწიქვეშა სამალავში იმალება, რომელიც სწორედ აზოვსტალის ქარხნის ქვეშაა მოწყობილი. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ეს ტერიორია რუსეთის მხრიდან აქტიურად იბომბება.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება დონბასის რეგიონის სრულად აღება რადგან რუსულ ჯარს დიდი დანაკარგები აქვს.
„ჯერ კიდევ გაურკვეველია რის გაკეთებას შეეცდებიან ისინი. მათ ვერ დაფარეს დიდი ძალების მობილიზება იზიუმის გარშემო. ეს არის მთავარი ქალაქი, რადგან ის კვეთს მდინარე დონეცკს, ხარკოვის სამხრეთ აღმოსავლეთით. აქ მათ 25 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოაბილიზეს, უკრაინაში არსებული 79-დან. სულ როცა შეტევა დაიწყეს 120 ბატალიონი ჰყავდათ, ცოტაც დაამატეს, ნაწილი მათ დაკარგეს. გასაგებია, რომ ისინი იზიუმიდან იწყებენ, თუმცა სად მიდიან არ ვიცით. აპირებენ გადაადგილებას დონბასის მთავარი ქალაქების მიმართეულებით? მდინარე დნიპროსკენ? მათთვის ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება. 120, 130 მილის (დაახლოებით 200 კმ.) კონტროლი გაუჭირდებათ, თუნდაც 25 ერთეულით. მე ვფიქრობ, რომ ისინი ახლა ცალკეული ტერიტორიების იზოლაციას შეეცდებიან და არა დიდ მანევრებს რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა,“- ამბობს ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკოსი ჯასტინ კრამპი AP-სთან საუბრის დროს.
უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსული შეტევისთვის მზად იყვნენ და რუსეთს არცერთ ტერიტორიას არ დაუთმობენ.
„ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა და ამისთვის მზად ვართ. დაიწყო რუსული შეტევითი მოქმედებები. ფართომასშტაბიანი დაბომბვა ხდება, ბევრად მეტია საჰაერო თავდასხმები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ,“- ამბობს ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრატორი.
მოსკოვი ამბობს, რომ მათი სურვილია შეუტიონ აზოვსტალს და მალე დაიკავონ ეს ტერიტორია. მარიუპოლი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, თუ რუსული ჯარი მოახერხებს მის აღებას, მაშინ რუსეთი სახმელეთო კავშირს დაამყარებს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან.
მარიუპოლი, უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი, მე-18 საუკუნეში დაარსდა და მოგვიანებით გახდა მრეწველობის ცენტრი. მარიუპოლი ცნობილია ფოლადის და სხვა ლითონების წარმოებით. გარდა ამისა, ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ის საპორტო ქალაქია. ომამდე მარიუპოლში ოფიციალური მონაცემებით, 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ქალაქის 90 პროცენტი სრულად განადგურებულია, დაღუპულია 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.