ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დროის საკითხია, რომ მარიუპოლი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცეს“- დანატი 


რუსული ჯარის მთავარი სამიზნე ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაა. ყველაზე რთული ვითარება კი ქალაქ მარუპოლშია, სადაც 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, ხოლო ქალაქის შენობების 90 პროცენტი განადგურებული.

რამდენად რეალურია, რომ უკრაინამ მარიუპოლზე კონტროლი არ დაკარგოს? ამ კითხვაზე პესიმისტური პასუხი აქვს დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილ ხელმძღვანელს რიჩარდ დანატს.

„მეშინია, რომ მარიუპოლში გარნიზონი აღარ დარჩება. მათ ნამდვილად არ აქვთ ბევრი ვარიანტი. ყველა ცნობის თანახმად, რასაც ვისმენთ, მათ ძალიან აკლიათ საბრძოლო მასალა და ვფიქრობ, უკრაინულ ძალებს არ შეუძლიათ ქალაქის დაცვა. მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ დროის საკითხია მარიუპოლის მთლიანად რუსეთის კონტროლ ქვეშ მოქცევა,“- ამბობს რიჩარდ დანატი სააგენტო AP-სთან საუბრის დროს.

ულტიმატუმის მეორე ვადაც ამოიწურა. კიევმა მოსკოვის მოთხოვნა მარიუპოლი ჩაბარებოდა რუსულ ჯარს არ დააკმაყოფილა, დილიდან კი ქალაქზე შეტევები, მათ შორის საჰაერო შეტევები, განახლდა. თუმცა, ქალაქს რუსი სამხედროები ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ. პორტს და ქალაქის რამდენიმე სტრატეგიულ წერტილს აზოვის ბატალიონი უკრაინელ სამხედროებთან ერთად ამაგრებს. ბრიტანეთის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს და მარიუპოლს აიღებს.

„შაბათ-კვირას რუსეთის შეთავაზებაზე კიევმა უარი თქვა, სწორედ ამიტომ მე მეშინია, რომ ეს იქნება ძალიან შემზარავი და სევდიანი დასასრული იმ გმირი უკრაინელი ჯარისკეცაბისთვის, რომლებიც გმირულად იბრძვიან. უფრო ადრე, ვიდრე გვიან მარიუპოლი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ შესაძლოა, რომ მოექცეს. შედეგად, რა თქმა უნდა რუსები მიაღწევენ, ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს და შექმნიან სახმელეთო დერეფანს ყირიმიდან დონბასის რეგიონამდე,“- ამბობს დანატი.

დანატის თქმით, თუ კიევის ოლქზე თავდასხმის დროს რუსული ძალები მოუმზადებლები იყვნენ, აღმოსავლეთით განახლებული შეტევისთვის რუსული არმია „სათანადოდ არის მომზადებული“.

„კიევის მიმართულებით შეტევა იყო არაკოორდინირებული ოპერაცია, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა. ახლა, კრემლის სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინაა, ეს ახალი დარტყმა სათანადოდ არის მომზადებული. ეს, დიდი ალბათობით იქნება დარტყმა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით,“- ამბობს სააგენტო „ასოშეითედ პრესთან“ საუბრის დროს დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი.

რიჩარდ დანატი ფიქრობს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეტევების მიტანას და შავი ზღვის ფლოტი ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებს. სახმელეთო შეტევების განახლებამდე კი, რუსული ავიაცია კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება და შეეცდება უკრაინელთა პოზიციები შეასუსტოს.

იმას, რომ საჰაერო იერიშები წინა დღეებთან შედარებით გახშირდა, ადასტურებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროც.

„საჰაერო იერიშები გაიზარდა ერთნახევარჯერ... ოკუპანტები ემზადებიან შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა მათ დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიებზე და უზრყველყონ დერეფანი ანექსირებულ ყირიმთან,“- ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი პოლკოვნიკი ოლექსანდ მოტუზიანიკი.

რას ამბობენ კრემლში?

მარიუპოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ საპორტო ქალაქში 1 500-მდე უკრაინელი სამხედრო უკვე ჩაბარდა რუსულ ჯარს.

„მარიუპოლის გათავისუფლების პროცესში, უკვე ჩაგვბარდა 1464 უკრაინელი სამხედრო. ჩაბარებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მათ შორის არიან სამხედროები აზოვსტალის ტერიტორიიდან. ჩაბარებულები გვეუბნებიან, რომ "ნაცისტების", უცხოელი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობა საერთო ჯამში არ აღემატება 2 500-ს,“- თქვა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

კრემლის ინფორმაციით უკრაინამ 20 000-ზე მეტი სამხედრო უკვე დაკარგა.

„ზელენსკის ბოლო განცხადებები დასავლურ მედიაში არის ტყუილი. ის საუბრობდა 3 000-მდე უკრაინელი სამხედროს დაკარგვის შესახებ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ფლობს სარწმუნო მონაცემებს უკრაინის არმიის, ეროვნული გვარდიის და უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების რეალური დანაკარგების შესახებ, რისი თქმისაც ზელენსკის ეშინია უკრაინელი ხალხისთვის. ზარალი უკრაინული ჯარისთვის შეადგენს 23 367 სამხედროს,“- ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.

რატომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მარიუპოლის აღება?

მარიუპოლი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, თუ რუსული ჯარი მოახერხებს ქალაქის აღებას, მაშინ რუსეთი სახმელეთო კავშირს დაამყარებს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან. ასევე, რუსული ჯარი მოახერხებს გაერთიანებას და კონცენტრაციას, რაც გაამარტივებს ახალი ოპერაციების დაწყებას, ამბობენ ანალიტიკოსები. ამ შემთხვევაში, კრემლი ასევე სრულად გააკონტროლებს აზოვის ზღვას. დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თუ რუსეთი დაიკავებს მარიუპოლს, მისი უკან დაბრუნება უკრაინელ სამხედროებს გაუჭირდებათ. თუმცა, ისტორიის მიხედვით ეს შესაძლებელია.

ოთხი გზა - როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00

ქალაქი 2014 წელს რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კიდეც, თუმცა 2015 წელს რუსულ ჯარს უკან დახევა მოუწია. ქალაქის გათავისუფლებაში დიდი როლი შეიტანა „აზოვის ბატალიონმა“, რომელიც უცხოელი მოხალისე სამხედროებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ქართველებიც.

როდის შეიძლება დასრულდეს ომი?

დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომი უკრაინაში თვეების განმავლობაში გაგრძელდება, ან სულაც წლები.

„უკრაინელებმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა და იყვნენ წარმატებულები, ვლადიმირ პუტინს კი უნდა "ჰქონდეს" რაიმე წარმატება, რომლიც მას მისცემს საშუალებას საკუთარ ხალხს დაელაპარაკოს. მაგალითად ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, სახმელეთო დერეფანი დონბასის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს შორის. თუმცა, არ ვიცი ამ ტერიტორიის დაკავების შემთხვევაშიც კი, დააკმაყოფილებთ, თუ არა მათ ეს,“- ამბობს დანატი.

მარიუპოლი მე-18 საუკუნეში დაარსდა და მოგვიანებით გახდა მრეწველობის ცენტრი. მარიუპოლი ცნობილია ფოლადის და სხვა ლითონების წარმოებით. გარდა ამისა, ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ის საპორტო ქალაქია. ომამდე მარიუპოლში ოფიციალური მონაცემებით, 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG