ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვა: "რუსეთს ბალტიისპირეთში ბირთვული იარაღი უკვე განთავსებული აქვს"


"რუსეთს ბალტიისპირეთის რეგიონში ბირთვული იარაღი უკვე განთავსებული აქვს", - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი.

რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა ოფიციალურმა პირმა, დმიტრი მედვედევმა, ხუთშაბათს ნატო გააფრთხილა, რომ თუკი შვედეთი და ფინეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდებიან, მაშინ რუსეთი რეგიონში თავდაცვას გააძლიერებს და ბირთვულ იარაღსაც განათავსებს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ ბირთვული იარაღი რუსეთს ბალტიის ზღვის მიმდებარედ, კალინინგრადის ანკლავში უკრაინაში ომის დაწყებამდეც უკვე ჰქონდა.

"რუსეთის ახლანდელი მუქარა უცნაურად გამოიყურება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დღევანდელი სიტუაციის გარეშეც, მათ ეს იარაღი ისედაც აქვთ ლიეტუვის საზღვრიდან 100 კმ-ის დაშორებით. კალინინგრადში ბირთვული იარაღი ყოველთვის ინახებოდა. საერთაშორისო საზოგადოებამ და რეგიონის ქვეყნებმა ეს მშვენივრად იციან. ისინი [რუსები] ამას მუქარისთვის იყენებენ", - თქვა მინისტრმა ხუთშაბათს.

ბალტიის ზღვასთან მდებარე კალინინგრადის ანკლავი ნატოს წევრებს - ლიეტუვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტიმ თქვა, რომ ბალტიისპირეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო მუქარა ამ ქვეყნებისთვის სიახლე სულაც არ არის.

XS
SM
MD
LG