საპორტო ქალაქი მარიუპოლი ჯერ ისევ უკრაინის მიერ კონტროლდება და მის ბოლომდე აღებას რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ. უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ქალაქის დაცვას აგრძელებს აზოვის ბატალიონი. ისინი ერთობლივი ძალებით აკონტროლებენ სტრატეგიული მნიშვნელობის პორტს, ქალაქში შეტაკებები დღესაც გრძელდება.
აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე სტრატეგიული ქალაქის აღება რუსეთის პირველად ამოცანას წარმოადგენდა, რათა შექმნილიყო 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო საზღვარი.
მარიუპოლში, სადაც რუსული ინტერვენციის განახლებამდე 450 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს 120 000 მოსახლეა დარჩენილი, ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება. პირველადი მონაცემებით, ასობით ადამიანი რუსულ დაბომბვებს შეეწირა. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში შენობების 90 პროცენტი დანგრეულია, აქედან 40 პროცენტი საერთოდ აღარ არსებობს.
ბრძოლა ნანგრევების ფონზე გრძელდება და უკრაინული ჯარი დანებებას არ აპირებს. მიუხედავად რუსეთის არაერთი შეთავაზებისა, კიევი არ თმობს მარიუპოლს. რუსულ ავიაციას და სახმელეთო ჯარს, უკრაინის სეპარატისტულ დაჯგუფებებთან ერთად, შეტევები მიაქვს მშვიდობიან მოსახლეობაზე. მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი ამ ეტაპზე ისევ ვერ ხერხდება, რადგან ხშირია თავდასხმები ჰუმანიტარულ დერეფნებზე.
მარიუპოლში ვერ შედის ჰუმანიტარული დახმარებაც, რუსი სამხედროები ქალაქში არ ატარებენ ორგანიზაცია წითელი ჯვრის მანქანებსაც. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მარიუპოლში „ჰუმანიტარული კატასტროფაა“ და „ქალაქი სრულად არის განადგურებული“.
ახლა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები რუსეთის მთავარი სამიზნეა. კიევი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედროების მობილიზება და განახლებული თავდასხმა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მოსკოვი თავად ადასტურებს, რომ მათ აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაზე გადაიტანეს, სწორედ ამიტომ მარტის ბოლოს, მოსკოვმა კიევის რეგიონიდან სამხედროები ბელარუსის მიმართულებით უკან გაიყვანა.
მარიუპოლი, რომელიც ცნობილია მრეწველობით, დღეს კვამლშია გახვეული. ქალაქში განადგურებულია გიგანტური აზოვის ფოლადის ქარხანა და სხვა ქარხნები. ქარხნების და სტრატეგიული ობიექტების გარდა, რუსულ ავიაციას იერიშები მიაქვს სკოლებზე, საავადმყოფოებზე, თეატრებზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და ბავშვების თავშესაფრებზე. ომის განახლებიდან დღემდე, რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა, შენობის გარეთ კი იყო წარწერა „ბავშვები“. დაბომბვის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა არა ასობით, არაედ ათასობითაა.
მარიუპოლის მერი სააგენტო AP-სთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისი მონაცემებით, მსხვერპლის მინიმალური რაოდენობა 21 000-ია. ადამიანების ნაწილი ქუჩებშია დასაფლავებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რუსეთმა კი მარიუპოლში მობილური კრემატორიუმი შეიტანა, რათა მოხდეს ცხედრების დაწვა და „ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულებების“ განადგურება.
კიევში ამბობენ, რომ რუსული ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ომის დანაშაულებს სჩადის. „მსოფლიომ იხილა, რა მოხდა ბუჩაში, მსოფლიო ნახავს რა მოხდა უკრაინის სხვა ქალაქებში,“- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, „გენოციდია“
რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მეტიც პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ პუტინი „ომის დამნაშავეა“. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ომის დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებები გროვდება. ქალაქ ბუჩაში ჩასულმა სასამართლო ექსპერტიზის ფრანგმა სპეციალისტებმა, საკითხის შესწავლის მიზნით,გვამების ეგზგუმაცია დაიწყეს.
ამერიკა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად უკრაინის დახმარებას აგრძელებს და კიევს შეიარაღებას აძლევს. ამ კვირაში ვაშინგტონმა კიევს დამატებით 800 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.
კიევი შეიარაღებას უახლოეს პერიოდში მიიღებს, რაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს, მაშინ როცა რუსეთი გნახლებული შეტევისთვის ემზადება. ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი კი ქალაქი მარიუპოლი იქნება. უკრაინაში ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. საკითხს ჯერჯერობით სწავლობენ.
Facebook Forum