ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში წასვლაზე შეჯერდა


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

დიდი ალბათობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში წავა. ამ დროისთვის ცნობილია ვიზიტორების ვინაობა. ესენი არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნებიდან“, ლევან იოსელიანი, პარლამენტის ვიცე სპიკერი „მოქალაქეებიდან“, ანა ნაცვლიშვილი „ლელოდან“, ხათუნა სამნიძე „რესპუბლიკელებიდან“, გიგი ხოჯევანიშვნილი „საქართველოსთვის“ და ვახტანგ მეგრელიშვილი „გირჩიდან“. მანამ, ვიდრე პოლიტიკური პარტიები უკრაინაში ვიზიტზე ჩამოყალიბდებოდნენ, მოსაზრებებმა ბევრჯერ იცვალა ფერი.

უკრაინაში პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის წასვლა-არ წასვლის საკითხი განხეთქილების ვაშლად იქცა. რამდენიმე დღეა საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერაფრით ყალიბდებოდა იმის თაობაზე, უნდა გამგზავრებულიყვნენ თუ არა კიევში და რა ფორმა უნდა ჰქონოდა ვიზიტს.

ვიზიტის კონტურები 14 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გამოიკვეთა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინულმა მხარემ გერმანიის წარმომადგენელს, შტაინმაიერს უთხრა უარი ვიზიტზე. ამ ფონზე, თუ უკრაინულმა მხარემ ჩათვალა, რომ საქართველოს დელეგაცია უნდა მიეწვია და მიეღო, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მოხდა გასული კვირების მანძილზე, ეს არის ცხადი მესიჯი. საკუთარი ქვეყნის ზელენსკიზე უფრო დიდ პატრიოტებად ნუ წარმოვაჩენთ თავებს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა, პოლიტიკოსმა „ლელოდან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულია, როდესაც უარს ამბობს დელეგაციის წევრობაზე, რადგან მანამდე გამგზავრების შესახებ მოლაპარაკებების პროცეში იყო ჩართული.

პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს
პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნებიან. ხატია დეკანოიძემ, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გაგზავნილი წერილი დამოკიდებულებებს ვერ შეცვლიდა.

„კარგია, ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არ იქნებიან წამსვლელებს შორის. რაც შეეხება, ვიზიტს, მე, რა თქმა უნდა, ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ, ვიყავი აქამდეც. ჩემთვის წასვლა-არ წასვლა არაა უკრაინა. უკრაინა ჩემთვის გაცილებით მეტია,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ის უკრაინას რამდენჯერმე სტუმრობდა ომის დაწყების შემდგომ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სიხარული დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნება. მისთვის ეს იდეალური კონფიგურაციაა.

„იდეალურია, როდესაც ვიზიტი მრავალპარტიულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავდროულად, ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია, ომის პარტია უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი არიან ბორტს მიღმა,“- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით დღეს კიდევ ერთხელ გამოიყენა დახასიათება "ომის პარტია".

„ნაცმოძრაობა ომის პარტიაა, მათ სურთ საქართველოს ომში ჩათრევა... ესაა ღალატის პარტია, ყველანაირი გაგებით. თუ მიიჩნევენ, რომ პრორუსული დეპუტატები სხედან აქ [პარლამენტში], მაშინ რატომ არიან პარლამენტში საერთოდ? - აცხადებს მდინარაძე.

ამ უკანასკნელმა, კობახიძისგან განსხვავებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ხალხის ასეთ მასობრივ ხოცვას გენოციდი ეწოდება“, თუმცა ისიც დასძინა, რომ „ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს, ჯერ-ჯერობით“.

მისი კოლეგა, ირაკლი კობახიძე უცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინაში გენოციდის სამართლებრივად დადასტურებას. ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებას გენოდიცი უწოდა და რას ფიქრობდა ამის თაობაზე, კობახიძემ განაცხადა: „ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი არც ჩემთვისაა საკმარისი და არც მაკრონისთვის“.

იან კელიმ, საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ირაკლი კობახიძის მიერ გენოციდის უღიარებლობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გააზიარა კომენტარის თანხლებით, რომლის თანახმად, „ეს ჰგავს ნიანგის გამოკვებას იმ იმედით, რომ ბოლო იქნები მის მსხვერპლთაგან“.

უკრაინა
უკრაინა

დეპუტატები, ვინც უკრაინაში ვიზიტს გეგმავენ, აცხადებენ, რომ ესაა მისასამძიმრებლად ჩასვლა.

„იმას ვერ მივაღწიეთ, რომ ჩავიდეთ ერთად სამძიმარზე. არგუმენტი არაა იმის თქმა, რომ მე ვინმესთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში. მაშინ, არც პარლამენტში არ უნდა იჯდე და არსად არ უნდა მიიღო მონაწილეობა, სადაც შენთვის არასასურველი რომელიმე ძალა და ადამიანი იმყოფება,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი, „მოქალაქეების“ წარმომადგენელი და პარლამენტის ვიცე სპიკერი.

„როდესაც ომში მყოფი, ჭირისუფალი ქვეყანა გთხოვს, რომ ჩახვიდე, მე მგონი, აქ არ უნდა იყოს ორი აზრი იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩახვიდე, თუ არა. არის ვითარებები, როდესაც პატივი უნდა ვცეთ გარდაცვლილებს და მათ ჭირისუფლებს. ამიტომ მივდივარ მე, „ლელოს“ სახელით უკრაინაში,“- ამბობს ანა ნაცვლიშვილი, „ლელოს“ წარმომადგენელი.

„ეს არის საქართველოს პარლამენტი და არა რომელიმე პარტიის პარლამენტი. ესაა საპარლამენტო დელეგაცია და არა რომელიმე პარტიის დელეგაცია. ერთადერთი შეკითხვა მაქვს, მაშინ რატომ მონაწილეობდნენ მოლაპარაკების პროცესში, როდესაც ჩვენი, სრულიად ოპოზიციის მოთხოვნა იყო, შემდგარიყო შერეული, ფართო, წარმომადგენლობითი დელეგაცია“,- კითხულობს ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკელებიდან“.

რა მნიშვნელობა აქვს, ვიწრო პარტიული ეგო „ქართული ოცნების“ იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“? აქ მთავარია, რომ ეს ეგო ცოტა ხანს გადადონ გვერდით ორივემ და მოვახერხოთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, მოვახერხოთ, ერთიანი ვიზიტის განხორციელება უკრაინაში“, - ანა ბუჩუკური, „საქართველოსთვის“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წაუსვლელობის გამო წუხილს გიორგი ვაშაძეც გამოხატავს „სტრატეგია აღმაშენებლიდან“. „ვწუხვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უერთდება ამ დელეგაციას. ესაა უკრაინის მოწვევით გაკეთებული ვიზიტი. ესაა მათი თხოვნა, რომ იყოს წარმოდგენილი ფართო პოლიტიკური სპექტრი,“- განაცხადა მან.

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობა"
ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობა"

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ბაჩიაშვილი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირება.

„თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევაა აგრესიული რუსეთი. უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპისა და ჩვენი თავისუფლებისთვისაც. უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვა დღეს არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზეპარტიულად იყოს წარმოდგენილი ამ პროცესში. ერთიანობა არის ყველაზე მძლავრი სიგნალი. ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდით უნდა გადადოს პარტიული მიუღებლობა და ერთიან მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდეს. არა მგონია, სიმპათიურად გამოიყურებოდეს ჩვენი ქვეყანა, თუ ის რამდენიმე დელეგაციით ჩავა უკრაინის მხარდასაჭერად. ახლა არაა იმის დრო, რომ უკრაინა გადავღალოთ ჩვენი პრობლემებით,“- ამბობს ნატო ბაჩიაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაემგზავრება. ვიზიტისთვის სახელდებოდა 15 და 16 აპრილის თარიღები... ცნობილია, რომ იგეგმება შეხვედრები კიევში, და გამგზავრება რუსეთის მიერ განადგურებულ ბუჩაში. უკრაინისთვის 14 აპრილს ომის 50-ე დღე დასრულდა.

XS
SM
MD
LG