ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყოს. კერძოდ, რა გავლენა აქვს ომს გლობალურ ეკონომიკაზე და როგორ უნდა მოხდეს უკრაინის დახმარება, ქვეყნის, რომელმაც ომით მილიარდობით დოლარის ზარალი მიიღო.
გარდა ამისა, ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გარიცხვის საკითხიც შეიძლება იყოს. ეს საკითხი ჯერ კიდევ მარტში ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წამოჭრა. ბაიდენმა თქვა, რომ უმსხვილესი ეკონომიკური ჯგუფიდან რუსეთი უნდა გაერიცხათ და სამიტზე უკრაინა უნდა მიეწვიათ.
„უკრაინის ჩართვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვეხმარებით მხოლოდ ადგილზე ბრძოლაში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას აღმშენებლობაში,“- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ, „ამერიკის ხმის“ კითხვაზე საპასუხოდ და დაამატა, რომ უკრაინამ უკვე შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრიბაზე, რომელიც არის დიდი "ოცეულის ნაწილი".
"დიდი ოცეული" წელს ინდონეზიაში გაიმართება. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ადგილი ეკონომიკურ ფორუმზე არ არის, რადგან რუსეთმა აჩვენა მსოფლიოს საკუთარი დამოკიდებულება მსოფლიო წესრიგთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთი G8 [დიდი რვიანი] ჯგუფიდან გარიცხეს. ახლა ეს ჯგუფი "დიდი შვიდეულის" სახელით არის ცნობილი.
პრეზიდენტ ბაიდენს მარტის შემგდომ არ განუმარტავს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "დიდი ოცეულის" სამიტს პუტინი დაესწრება, და გამოუცხადებს თუ არა სამიტს ბოიკოტს ამერიკის შეერთებული შტატები. ეკონომიკურ სამიტში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგია კანადა და ავსტრალიაც.
ამერიკის, კანადისა და ავსტრალიის პოზიცია ინდონეზიისთვის ართულებს სამიტის მასპინძლობას, პრეზიდენტ ჯოკო ვიოდოს მთავრობამ უნდა უმასპინძლოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერს მაშინ, როცა მსოფლიო პოსტპანდემიის პირობებშია და ბევრ ქვეყანას, მათ შორის ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, მექსიკას, საუდის არაბეთს ბევრი სხვა პრობლემა აწუხებთ და არ არიან ფოკუსირებულები დასავლეთის მხრიდან პუტინის იზოლირებასა და უკრაინის პრეზიდენტისადმი დახმარებაზე.
ამერიკა და პარტნიორი ქვეყნები უკრაინას უკვე დაპირდნენ ფინანსურ დახმარებას, რომლითაც ქვეყანა შეძლებს ომის დასრულების შემდეგ განადგურებული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჯერ კიდევ იანვარში, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკელი ხალხი უკრაინას ყველა საჭირო დახმარებას გაუწევდა.
ამ დროისთვის, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სამხედრო დახმარებას უწევენ. უკრაინა კი თითქმის ორი თვეა რუსულ იერიშებს იგერიებს.
Facebook Forum