უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში "დიდი ბრიტანეთის ერთიანი საექსპედიციო ძალების" წინაშე გამოსვლისას ნატოს შესახებ ისაუბრა. მან ალიანსი გააკრიტიკა უკრაინისთვის წევრობის გარანტიების მკაფიოდ არ მიცემისთვის.
„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი. ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ საუბრები, მაგრამ ახლა ისიც გვესმის, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ", - ამბობს ზელენსკი. "თუ ჩვენ ღია კარში ვერ შევალთ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ იმ ფორმატებში რომელშიც შეგვიძლია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, დაგვიცავს... და მივიღოთ ცალკე [უსაფრთოების] გარანტიები", - თქვა მან.
რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას სჭირდება ნატოში გაწევრიანება, რათა მომავალში თავიდან აიცილიოს რუსეთის განმეორებითი თავდასხმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გასული წლის სექტემბერში ნატოს წევრ ქვეყნებს მიმართა, კითხვით თუ როდის მოხდებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება, ზელენსკი მაშინ კონკრეტულ თარიღს ითხოვდა. რაზეც პასუხი ვერ მიიღო. ზელენსკის დასავლურმა ქვეყნებმა უპასუხეს, რომ ნატოში გაწევრიანებას კონკრეტული რეფორმების ბოლომდე მიყვანა სჭირდებოდა.
ზელენსკიმ გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ უკრაინას არ აქვს „პრეტენზია ნატოს მეხუთე მუხლის გააქტიურებაზე“ და რასაც ის ნატოსგან ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაა. ცის ჩაკეტვაზე ალიანსის პასუხი უარყოფითია.
უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ეწინააღმდეგება, კრემლში ამბობენ, რომ ეს „პუტინის წითელი ხაზებია“ რუსეთს სურს, რომ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და უარი თქვას სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე.
ნატო
დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია გააგრძელებს უკრინის მხარდაჭერას და დახმარებას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 24 მარტს ნატოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
„მე მოვიწვიე საგანგებო სამიტი 24 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში,“- წერს სტოლტენბერგი. ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო უკრაინას მხარს უჭერს რუსული აგრესიის პირობებში. მისივე თქმით საგანგებო სხდომაზე უკრაინაში რუსულ ინტერვენციას და ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას განიხილავენ.
„ჩვენ მტკიცე მხარდაჭრას ვუცხადებთ უკრაინას,“-ამბობს სტოლტენბერგი.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ალიანსის საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობას პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს და არ გამოურიცხავს, რომ შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასაც შეხვდეს.
ევროპელი ლიდრების ვიზიტი კიევში
მაშინ როცა რუსული ინტერვენცია უკრაინაში გრძელდება და რუსი სამხედროები უკრაინის დედაქალაქზე იერიშს აგრძელებენ, სამი ევროპელი ლიდერი უკრაინაში გაემგზავრა. პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში იმყოფებიან.
"ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იწერება. იმიტომ, რომ ეს გვეხება არა ჩვენ, არამედ ჩვენი შვილების მომავალს, რომლებიც იმსახურებენ ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრებას", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კიევში ჩასვლამდე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის განახლებიდან 20-ე დღეს, კიევში საჰაერო დაბომბვას სულ მცირე ხუთი ადამიანი შეეწირა. სროლის შედეგად კი უკრაინაში კიდევ ერთი უცხო ქვეყნის ჟურნალისტი დაიღუპა, დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები.
მარიუპოლი
რთული ვითარებაა მარიუპოლში, უკრაინის საპორტო ქალაქშიც, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში რუსული არმიის ალყაშია ქალაქის საბჭოს განცხადებით იწურება წყლისა და საჭმლის ბოლო მარაგი, ხოლოდ ელექტროენერგია, ბუნებრივი
აირი და კავშირგაბმულობა კვირაზე მეტია გათიშულია.
მარიუპოლის საბჭოს განცხადებით, 15 მარტს ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეეების ნაწილმა დატოვა. ოფიციალური ცნობით, მშვიდეობიანი მოსახლეობა ქალაქიდან 2 000 მანქანით გავიდა. ამდენივე კი ევაკუაციის მოლოდინშია.
პარალელურად,უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მარიუპოლში დღეს ვერ შეაღწია ჰუმანიტარულმა დახმარებამ.
მოლაპარაკებები
15 მარტს განახლდა მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. მოლაპარაკებები ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართა. ოფიციალურ კიევში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა საომარი მოქმედებები მოსალოდნელზე ადრე დამთავრდეს. პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ ეს შესაძლოა მაისის დასაწყისში ან მანამდე უახლოეს პერიოდში მოხდეს.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პარლამენტს მიმართა სიტყვით, ხვალ კი უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელი კანონმდებლების წინაშე ისაუბრებს.
ომი და ეკონომიკა
რუსული ინტერვენციის პერიოდში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამოქმედდა „რადიკალური“ საგადასახადო რეფორმა, რაც ყველა კომპანიისთვის საგადასახადო შემოწმების გაუქმებას ითვალისწინებს. ზელენსკიმ უკრაინაში ასევე გააუქმა დამატებითი ღირებულების და საშემოსავლო გადასახადი, მის ნაცვლად კი 2 პროცენტიანი ბრუნვითი გადასახადი წესდება. ამასთან, ზელენსკის თქმით გადასახადისგან თავისუფლდებიან მცირე და საშუალო ბიზნესები.
„შეგიძლიათ? მაშინ გადაიხადეთ - არ შეგიძლიათ? შეკითხვები არ იქნება,“- თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.
ამასთან პრეზიდენტმა, 24 თებერვალს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით გაგრძელების მოთხოვნით, ქვეყნის პარლამენტს, უმაღლეს რადას მიმართა.
რუსეთი
უკრაინაში მის ფართომასშტაბიან ომს, რუსეთი "სპეცოპერაციად" მოიხსენიებს. კრემლმა ახალი კანონიც შეიმუშავა. ახალი კანონი 15 წლამდე პარტიმრობას ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც "სამხედრო ოპერაციას" ომს უწოდებს და მის შესახებ "ყალბ ამბებს" გაავრცელებს.
რუსეთის უკრაინაში ინტერვენციიდან დღემდე ამერიკამ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რუსეთს ეკონომიკური სანქციები წყება დაუწესა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს "რუსული ეკონომიკა განადგურებას" იწვევს. ვაშინტონი მოსკოვს მკაცრი სანქციებით, უკრაინაში ომამდე ემუქრებოდა. "მე ნათლად ვუთხარი პუტინს, რომ თუ უკრაინაში (ხელახლა) შეიჭრება ეს რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებს," - ამბობდა პრეზიდენტი ბაიდენი.
დრეს რუსეთმა ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო სანქციები აამოქმედა. რუსული სანქციები პრეზიდენტ ბაიდენსაც შეეხო. პარალელურად კრემლში ამბობენ, რომ რუსეთისადმი "არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების" სია საბოლოო არ არის და მომავალშიც გაფართოვდება.
Facebook Forum