ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლიდან160 მანქანის გასვლა მოხერხდა


დღეს, დაახლოებით 160 მანქანის კოლონამ მარიუპოლიდან გასვლა მოახერხა. ეს სამოქოალაქო პირების მიერ, ალყაში მყოფ ქალაქის დატოვების პირველი წარმატებული შემთხვევაა. კოლონა ქალაქ ზაპორიჟიესკენ მიემართება.

თუმცა ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ოფიციალური მცდელობის ნაწილი არ იყო და მანქანით ქალაქის დატოვების გადაწყვეტილებაა ადგილობრივებმა საკუთარი ინიციატივით მიიღეს, რისკის ფასად, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა გამშვები პუნქტი გახსნეს.

მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქში წყლის, საკვების და ელექტროენერგიის გარეშეა მომწყვდეული. უკრაინის მხარე აცხადებს, რომ ქალაქის 2500 მცხოვრები დაიღუპა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ, "ასოშიეთიდ პრესის" ფართოთ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული ორსული უკრაინელი ქალის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ექიმები ასევე უშედეგოდ ეცადნე ბავშვის გადარჩენას.

მარიუპოლის ქალაქის საკრებულო ვითარებას აფასებს, როგორც „კრიტიკულს“. პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საარტილერიო ცეცხლი შეუძლებელს ხდის, რომ ქალაქში ჰუმანიტარულმა დახმარებამ შეაღწიოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კოლონამ შეაღწიოს მარიუპოლში და იქიდან კი ქალებით და ბავშვებით დაბრუნდეს“, - თქვა მან.

ჰუმანიტარული დერეფნის წარუმატებლობაში მხარეები ბრალს ერთმანეთს დებენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოხერხდა ლუჰანსკის ოლქიდან 1700 ადამიანის ევაკუაცია, იმ ფონზე როცა რეგიონში რუსეთი აქტიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებს ფრონტის ხაზის გასწვრივ.

XS
SM
MD
LG