კომპანია „მეტა“ უკრაინასთან მიმართებაში გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებებს აზუსტებს და ამბობს, რომ კომპანია საკუთარ პლატფორმაზე ვერ დაუშვებს რუსოფობიას ან სახელმწიფო ლიდერების ლიკვიდაციის მოწოდებებს. განცხადება ამის შესახებ „მეტას“ გლობალური უსაფრთხოების პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა გააკეთა.
„მეტა" ეწინააღმდეგება რუსოფობიას. ჩვენ არ დავუშვებთ მოწოდებებს გენოციდის, ეთნიკური წმენდის ან რაიმე სახის დისკრიმინაციის, შევიწროვების ან ძალადობის შესახებ,“- თქვა კლეგმა.
„მეტას“ გლობალური უსაფრთხოების პრეზიდენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პროკურატურამ კომპანიის „მეტა“ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
მანამდე კი კომპანია „მეტამ“ ზოგიერთ ქვეყანას „ფეისბუქსა“ და "ინსტაგრამზე“ რუსეთის ხელმძღვანელებისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივი მოწოდებების გავრცელების უფლება მისცა.
მალევე გავრცელდა პოსტები, სადაც ადამიანები ჯილდოს აწესებდნენ რუსეთის პრეზიდენტის მკვლელობისთვის.
„ჩვენ არ დავუშვებთ მოწოდებებს სახელმწიფო მეთაურის მოკვლის შესახებ. ჩვენი პოზიციის შესახებ ყოველგვარი გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, უფრო კონკრეტულად განვმარტავთ ჩვენს მითითებებს,“- თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
ნიკ კლეგის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც "ფეისბუქმა" გასულ კვირას მიიღო სრულად არ შიეცვლება, თუმცა მისი უკეთ განმარტება მოხდება. შესაძლოა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონტენტს მოდერაციას გაუწევს.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, სადაც კომპანიამ უკრაინელებს ნება დართო, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები, წინააღმდეგობა და ბრაზი რუსეთის თავდასხმაზე სოციალურ მედიაში. მეტიც, „მეტამ“ უკრაინელებს უფლება მისცა, რუსული შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივი მოწოდებები გაევრცელებინათ.
კომპანია აგრძელებს რუსული სამთავრობო მედიის კონტენტის შეზღუდვას, რუსეთში აღარ მუშაობს „ინსტაგრამი“. მანამდე კი კრემლმა საკუთარ მოქალაქეებს „ფეისბუქზე“ წვდომა შეუზღუდა.
Facebook Forum