ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები პოლონეთში შეხვედრებს მართავენ


უკრაინელი დევნილები პოლონეთში
უკრაინელი დევნილები პოლონეთში

მას შემდეგ, რაც პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იმყოფებოდა, ვარშავაში ამერიკელ სენატორთა ორპარტიული ჯგუფი ჩავიდა. კანონმდებლები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან მეორე დღეა მონაწილეობას იღებენ პოლონეთში გამართულ ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებში.

ამერიკელი სენატორები უკვე შეხვდნენ ამერიკის ელჩს პოლონეთში, ამერიკელ სამხედროებს და დევნილებს უკრაინიდან. რუსეთის უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის შემდეგ, უკრაინა 2.5 მილიონზე მეტმა დევნილმა დატოვა. მათი უმეტესი ნაწილი პოლონეთში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელი მაუწყებლები CNN და FOX News ავრცელებს.

დელეგაციის წევრებს შორის არიან სენატორები: რობ პორტმანი, როჯერ უიკერი, ემი კლობუჩარი და რიჩარდ ბლუმენტალი. მათი ვიზიტის მიზანია რუსეთის უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმის ფონზე, დახმარება აღმოუჩინონ პოლონეთს, უკრაინას და სხვა პარტნიორებს - ნათქვამია სენატორ უიკერის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

"რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის არაპროვოცირებულმა თავდასხმამ უკრაინაზე, ევროპას 1945 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მსხვერპლიან კონფლიქტში ჩართვის საფრთხე შეუქმნა" - აცხადებს სენატორი უიკერი. მისი თქმით, ეს ფაქტი შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეებისგან "ძლიერ და ერთიან" პასუხს მოითხოვს.

ამერიკელი კანონმდებლები პოლონეთში შაბათს ჩავიდნენ და 82-ე საჰერო-სადესანტო დივიზიის ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდნენ. გრძელდება შეხვედრები მთავრობის მაღალჩინოსნებთანაც. ამერიკელმა კანონმდებლებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარიც მოინახულეს და ადგილზე შეისწავლეს ვითარება.

გასულ კვირას ამერიკის სენატის სრული შემადგენლობა, პრეზიდენტ ზელენსკის ონლაინ შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG