ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ჯარი კიევს უტევს


რუსულ საჰაერო თავდასხმებს კიევზე სამშაბათს სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ. კიევის მერმა ქალაქში მომდევნო 35 საათის განმავლობაში სამოქალაქო პირების გადაადგილების შეზღუდვის ბრძანება გასცა.

კიევის ცენტრში ორი დიდი აფეთქების ხმა გათენებისას გაისმა. ორშაბათს გვიან ღამით კი უკრაინული ძალები სავარაუდოდ დრონით განხორციელებული იერიშის სამიზნე გახდა.

"დღეს რთული და საშიში მომენტია. დედაქალაქი უკრაინის გულია, ის დაცული იქნება. კიევს, რომელიც არის სიმბოლო და წამყვანი ბაზა ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ არ დავთმობთ", - თქვა მერმა ვიტალი კლიჩკომ. მან იმ უკრაინელ მამაკაცებს დედაქალაქში დაბრუნებისკენ მოუწოდა, ვინც საომარი ვითარების დასაწყისში ოჯახის წევრები ქვეყნის დასავლეთისკენ წაიყვანა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" მოწმეებზე და გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში დაიწვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მაშველები მოქალაქეთა ევაკუაციას ცდილობდნენ. იყო მსხვერპლიც, კიევის ცენტრალური იარაღის საწარმო კი ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა.

რუსეთმა ორშაბათს უკრაინა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასზე თავდასხმაში დაადანაშაულა და თქვა, რომ კიევი სამხედრო ობიექტებზე და იარაღის საწარმოებზე აპირებდა თავდასხმას და თანამშრომლები იქ არ მისულიყვნენ. უკრაინა თავდასხმის შესახებ რაიმე გეგმის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG