ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელი, ჯულიან სმიტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინის ცაზე, არასაფრენი ზონის დაწესებას არ განიხილავს.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, ჯულიან სმიტმა ამის შესახებ, მედიასთან ონლაინ შეხვედრისას ისაუბრა.
სმიტი აცხადებს, რომ მოკავშირეების მიზანი ომის დასრულებაა და ფიქრობს, რომ არასაფრენი ზონის შექმნის განხილვა, მიმდინარე მოვლენებს არასწორ მიმართულებას მისცემს.
„ალიანსის, ასევე ვაშინგტონის გზავნილი არის ის, რომ ახლა განსახილველ საკითხთა შორის, მაგიდაზე არასაფრენი ზონის საკითხი არ დევს. ეს არ არის ის, რასაც ალიანსი განიხილავს. ვფიქრობ, ახლა ჩვენი, ვაშინგტონისა და მოკავშირეების კონსულტაციებით დასახული კოლექტიური მიზანი ომის დასრულებაა, რათა რუსეთმა დატოვოს უკრაინა, რათა რუსეთმა შეაჩეროს ეს თავდასხმები როგორც უკრაინელი სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - თქვა მან.
სმიტის თქმით, ალიანსს არ სურს კონფლიქტი გაფართოვდეს და სწორედ ამიტომ ამბობს უარს უკრაინის ცის ჩაკეტვაზე.
"ჩვენ არ გვინდა გავაფართოვოთ ეს კონფლიქტი, არ გვინდა ის მიმდინარე კონტექსტს მიღმა გავრცელდეს. ასე რომ, არსებობს შეგრძნება, რომ თუ განვიხილავთ რაიმე არასაფრენი ზონის მსგავსს, ეს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს“ - აცხადებს სმიტი.
კითხვის პასუხად, სად გადის წითელი ხაზი, როცა საკითხი რუსეთის მიმართ, შეერთებული შტატების მხრიდან პირდაპირ სამხედრო პასუხს ეხება, სმიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ვაშინგტონის და ალიანსის მხრიდან, მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისადმი მტკიცე ერთგულებას.
„ნატოს ძალიან მკაფიო ხაზი აქვს, რომელიც გათვალისწინებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლში. რაც გულისხმობს იმას, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ოსტინი, საუბრობენ იმაზე, რომ შეერთებული შტატების ვალდებულება მეხუთე მუხლისა და ჩვენი მოკავშირეების მიმართ მტკიცეა, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“ - ამბობს სმიტი.
რუსეთის მხრიდან, რა ტიპის მოქმედება შეიძლება იყოს აღქმული, ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად, - ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც, ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ალიანსი წლებია მსჯელობს.
„ნატოს თითოეულ მოკავშირეს აქვს უფლება, მოვიდეს ნატოს შტაბ-ბინაში და აამოქმედოს მეხუთე მუხლი ნებისმიერ დროს, როცა მას სჯერა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, მისი უსაფრთხოების გარემო შეიცვალა და მასზე თავდასხმა განხორციელდა", - თქვაა მან.
სმიტმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობს იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების ახალი გამოწვევებს გათვალისწინება, საერთო თავდაცვის კონტექსტში.
"ბოლო წლების განმავლობაში, ნატომ დიდი სამუშაო გასწია, რაც გულისხმობს დეტალურ დაფიქრებას იმაზე, თუ როგორ მიესადაგება მეხუთე მუხლი ახალ სფეროებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი საუბარი კიბერსფეროზე. ნამდვილად არ მსურს, თითოეული შესაძლო ცალკეული სცენარი განვიხილო. ვფიქრობ, ჩვენს მოკავშირეებს ეს ფუნდამენტურად ესმით და მათი გზავნილი ძალიან მკაფიოა - ჩვენ ყველანი სერიოზულად აღვიქვამთ მეხუთე მუხლის მიმართ ჩვენს ერთგულებას და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქვეყანას, თუ საჭიროდ თვლის, რომ მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს“ - აცხადებს სმიტი.
ამასთან, ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ, უკრაინის დასავლეთში, პოლონეთის საზღვრის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა, აჩენს კითხვებს, რამდენად იმუშავებს რუსეთის შესაკავებლად, უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება.
უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნას, მიმდინარე ომში, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად, ნატოს უკრაინის პრეზიდენტი სთხოვს. ნატოს თქმით, ეს გულისმოხბს რომ რუსეთის ავიაციის მხრიდან ამ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, ნატომ მის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს. ალიანსს მიაჩნია, რომ ეს ნატოს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაითრევს და კონფლიქტი ალიანსის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მთავარი საკითხი იქნება. მინისტერიალი ორ სესიად გაიმართება და ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ დაიწყება. მასში მონაწილეობის მისაღებად, ბრიუსელში უკვე გაემგზავრა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.
ნატოში, შეერთებული შტატების წარმომადგენლის ინფორმაციით, მინისტერიალს ასევე დაესწრება უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები.