პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ მოსკოვის იზოლაციის მცდელობები წარუმატებელი იქნება და საბჭოთა კოსმოსური პროგრამის წარმატება დაასახელა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს შეუძლია მიაღწიოს “შესაშურ” წინსვლას, რთულ პირობებში.
რუსეთი ამბობს, რომ დასავლეთზე დამოკიდებული აღარასდროს იქნება. ეს მაშინ, როცა, 24 თებერვლას უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომს, კვლავ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
61 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და ისტორიაში შევიდა. პუტინი ვოსტოჩნის კოსმოდრომში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, გაემგზავრა ამ თარიღის აღსანიშნავად.
“ტოტალური სანქციები და სრული იზოლაცია იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი პირველი იყო კოსმოსში” - განაცხადა პუტინმა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით.
„ჩვენ არ ვაპირებთ იზოლირებას. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ვინმეს სასტიკი იზოლაცია - განსაკუთრებით ისეთი უზარმაზარი ქვეყნის, როგორიც რუსეთია”- ამბობს პუტინი.
ცივი ომის დროინდელი რუსეთის კოსმოსურ წარმატებებს, როგორიცაა გაგარინის ფრენა და 1957 წელს Sputnik 1-ის, დედამიწიდან პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება, რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პუტინი ამბობს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში აუცილებელია, რადგან მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ იყენებდა - მათ შორის ნატოს სამხედრო ალიანსის მეშვეობით - და რომ მოსკოვს უკრაინაში რუსულენოვანი ხალხის დევნისგან დაცვა უწევდა.
“[სამხედრო ოპერიაციის] მიზნები აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილურია. აშკარაა, რომ არჩევანი არ გვქონდა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება” - ამბობს პუტინი უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ ომზე, რასაც თავად სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
რუსეთს უკრაინულმა ძალებმა მკაცრი წინააღმდეგობა გაუწია და დასავლეთმა კი მოსკოვს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა, რათა აიძულოს ეს უკანასკნელი ომი შეწყვიტოს.
რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 10%-ზე მეტით შემცირების გზაზეა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი ვარდნაა 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდგომი წლების შემდეგ, - განაცხადა სამშაბათს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა.