ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასე იფშვნება ორცხობილა" - ვაშინგტონმა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა


საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ოთარ ფარცხალაძე ერთ-ერთია იმ 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიაში, რომელთა სანქციების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა გაავრცელა. ფარცხალაძემდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებსაც, ე.წ. კლანის წევრებს.

ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, მოგვიანებით ამერიკის სახელმწიფო მდივნის სახელით გავრცელებულ განცხადებაში "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე ეფესბემ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად გამოიყენა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი მკაფიოდ განმარტავს, რომ ეს პროცესი ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენას ვერ იქონიებს და ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეიძლება ვაშინგტონის ახალი სანქციები იყოს ერთგვარი სიგნალი, საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამდებობის პირებისთვის, რომ ამერიკა მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მოქმედებს.

"ფაქტი, რომ ის [ფარცხალაძე] ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაა, - ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა, - „ასე იფშვნება ორცხობილა“. თუ მის [ივანიშვილის] ირგვლივ მყოფი ადამიანები სანქციებს ექვემდებარებიან იმის გამო, რასაც ააკეთებენ, მათი კოლეგების გამო, კორუფციის გამო, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მათ Სანქციებს დავუწესებთ. ასე მოხდა მოსამართლეების შემთხვევაში, ისინი კორუმპირებულები იყვნენ და ჩვენ ეს გავაკეთეთ, მივიღეთ ზომები და ამ ქმედებებს გავაგრძელებთ"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი.

ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, "სივილ.ჯი" ყოფილ პროკურორსა და ივანიშვილის ოჯახს შორის ნათლიმირონობაზეც საუბრობს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბერა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

„არ მგონია, არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს [სანქციები] ივანიშვილთან პიდაპირ კავშირშია. მაგრამ ის, რომ ეს ადამიანი [ფარცხალაძე] ივანიშვილთან დაახლოებული პირია, მხოლოდ ესეც გზავნილია" - ამბობს "გერმანიის მარშალის ფონდის" ანალიტიკოსი ჯონათან კაცი.

რუსეთთან კავშირების გამო, ფარცხალაძის გვარი გასულ, 2022 წელს, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე "ომი და სანქციები" გამოჩნდა. საიტზე აღნიშნული იყო, რომ ის "საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე და "ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია". ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში იყო. სივილ.ჯი ამბობს, რომ ის წარსულში გერმანიაში ნასამართლევიც არის.

"ქართული ოცნების" მთავრობა ფარცხალაძესთან ფორმალურ და არაფორმალურ კავშირებს უარყოფს.

“ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არავითარი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან. შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რათა გაირკვეს, რაზეა საუბარი,"- ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იალოვიცი ამბობს, რომ ვაშინგტონი პირების ან პირთა სანქციებს მას შემდეგ აცხადებს, რაც გროვდება მტკიცე საჭირო მტკიცებულებები.

"სანქციები, რომლებსაც შეერთებული შტატები იყენებს, ძალიან დიდი სიფრთხილით წესდება. ეს არ არის ციდან ჩამოვარდნილი რამ და უბრალოდ არ ამბობს, - მოდი ეს გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ხაზინის დეპარტამენტმა და ალბათ ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამას დიდი ყურადღება დაუთმო და [მათ] ამ დასკვნის გასაკეთებლად, საკმაოდ ბევრი მტკიცებულება უნდა ჰქონდეთ,"- ამბობს იალოვიცი.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა მომავალში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესება გეგმაში, სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ ამბობს, რომ ახალი სანქციების დაწესება ხდება მაშინ, როცა ამის მტკიცებულებები და საჭიროება არსებობს.

"საქართველო შორდება დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს"

ანალიტიკოსებს აშფოთებთ ის საკითხი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ ოფიციალური თბილისი "დასავლეთს შორდება".

"ვფიქრობ, ძალიან დიდი შეშფოთებაა საქართველოს დღევანელი/მოქმედი ხელისუფლების მიმართულების და რუსეთთან მისი ურთიერთობის მხრივ. ამ ფონზე, რომ შევხედოთ გამოკითხვების შედეგებს, [ჩანს] რომ ქართველი ხალხის უმეტეს ნაწილს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, ნატოს ნაწილი. ასე რომ, არის გარკვეული აცდენა ხალხის მოლოდინებს, სურვილებსა და მმართველი კლასის ელიტას შორის, რომელსაც კონსოლიდირებული ძალაუფლება აქვს. ვფიქრობ ევროპა, ბრიუსელი ემზადება გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა შეაფასოს საქართველოს გზა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ ნათლად აქვთ ჩამოყალიბებული პირობები. [ოფიციალური] თბილისის ამჟამინდელი ხელმძღვანელებიდან გამომდინარე, არ ჩანს, რომ ხელისუფლება ამ გზის ერთგულია. [ქართული ოცნების] მთავრობას უფრო მეტად აინტერესებს თავისი პოლიტიკური ძალა და რუსეთთან ინკლუზიური ურთიერთობა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არსებითად კვლავ რუსეთის მიერ კონტროლდება, ასე რომ არ ვიცი. ვფიქრობ, ბევრი იმედგაცრუება და დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობაა, საქართველოს ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების წინაშე. როგორ ექცევა [მთავრობა] სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მის ხალხს - ვფიქრობ ოლიგარქები და პოლიტიკური კონტროლი, ეს არის რეალური შეშფოთების [საფუძველი]. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას საქართველო რუსეთთან უფრო ახლოს მიჰყავს", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ჯონათან კაცი "გერმანიის მარშალის ფონდის" ანალიტიკოსი.

"ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებები აშფოთებს კენეტ იალოვიცსაც, საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთი ჯერ კიდევ ხედავს საქართველოში "მნიშვნელოვან პრობლემებს".

"არის შეშფოთების სიგნალი იმის შესახებ, თუ საით მიდის საქართველო. ევროგაერთიანების პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ იმედი აქვს, ოქტომბრამდე საქართველო თავის ვალდებულებებს შეასრულებს. რაც აშკარად მიათითებს იმაზე, რომ ისინი ჯერ კიდევ ხედავენ მნიშვნელოვან პრობლემებს [საქართველოში],"- ამბობს იალოვიცი.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ პირს არაერთხელ მოუწოდა "გაერთიანებისკენ", რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ერთ-ერთი ბოლო განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 5 სექტემბერს გაკეთდა.

ჩვენ მკაფიონი ვიყავით, როგორც ქართველი ხალხია მკაფიო. ჩვენ მკაფიონი ვართ იმაში, რასაც ვხედავთ - ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ თავის მომავალს ევროპასთან და ევროკავშირთან ხედავს და საქართველოს მიეცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ახლა გაერთიანდნენ და ამ მიზნის მისაღწევად იმუშაონ. განსაკუთრებით, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოს ერთიანობა, არასდროს ყოფილა ასე მწვავედ საჭირო“ - განაცხადა 5 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG