ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ს აშფოთებს


ოთხშაბათს, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თავდაცვის სფეროშო ნებისმიერი სახის შესაძლო თანამშრომლობა შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს.

კირბიმ თქვა, რომ შეერთებული შტატები მოსკოვსა და ფხენიანს შორის კონტაქტებს ფრთხილად აკვირდება.

„პლანეტაზე არცერთი ქვეყანა, არავინ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების დახოცვაში და თუ ისინი გადაწყვეტენ შეიარაღების საკითხზე რაიმე შეთანხმებისკენ წავიდნენ, აშკარაა რომ ჩვენ ამას შევაფასებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ თქვა კირბიმ.

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის მხრიდან გამოთქმულ, იარაღის გადაცემის საწინააღმდეგო გაფრთხილებების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის ყველაზე მოწინავე კოსმოდრომზე შეხვდა.

„ვასტოჩნი“ კოსმოდრომზე მოლაპარაკებების დროს, კიმმა პირობა დადო პუტინის „ყველა გადაწყვეტილებას“ თავისი „სრული და უპირობო მხარდაჭერა“ გამოუცხადოს. ის აშკარად რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომს გულისხმობდა.

მედიაში ადრე გავრცელებული ცნობები ციტირებდა დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად, ჩრდილოეთ კორეული საარტილერიო ჭურვების მიღების იმედი აქვს. ფხენიანს კი, როგორც ჩანს, მოსკოვისგან თავისი თანამგზავრებისთვის და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის მოწინავე ტექნოლოგიის და ასევე სურსათით დახმარების მიღება სურს.

XS
SM
MD
LG