ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საჯაშუშო თანამგზავრის გაშვება ავარიით დასრულდა


ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვება წარუმატებლად დამთავრდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტა რომელზეც თანამგზავრი იყო მასთან ერთად ზღვაში ჩავარდა. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ კი განაცხადა, რომ ამ რაკეტის ნაწილები ზღვიდან უკვე ამოიღეს.

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს თანახმად, თანამგზავრის გასაშვები ახალი „ჩოლიმა-1“ რაკეტა, ძრავის და საწვავის სისტემის არასტაბილურობის გამო ჩამოვარდა.

რაკეტის ეს გაშვება, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს მიერ თანამგზავრის გაშვების მეექვსე და 2016 წლის შემდეგ პირველი მცდელობა იყო. ჩრდილოეთ კორეა თავისი პირველი საჯაშუშო თანამგზავრის დედამიწის ორბიტაზე გაყვანას ცდილობდა.

ავარიამ სამხრეთ კორეის და იაპონიის ნაწილებში განგაშის გამოცხადება და ევაკუაციაზე გაფრთხილების გამოცემა გამოიწვია. განგაშის შეტყობინებები მალევე გაუქმდა და რაიმე საფრთხის ან ზიანის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

თანამგზავრის წარუმატებელი გაშვების მიუხედავად, ქვეყნის ლიდერმა, კიმმა განაცხადა, რომ „ის ბევრი თანამგზავრიდან პირველია“.

რაკეტის გაშვების წინ საერთაშორისო მთავრობებისთვის მიწოდებულ მონაცემებში, ჩრდილოეთ კორეამ თქვა, რომ რაკეტა სამხრეთის მიმართულებით გაფრინდებოდა და მოსალოდნელი იყო, რომ მატარებელი რაკეტის საფეხურები და სხვა ნარჩენები ყვითელ ზღვაში და წყნარ ოკეანეში ჩაიყრებოდა.

თეთრმა სახლმა ბალისტიკური რაკეტის ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელებული გაშვება დაგმო და განაცხადა, რომ მოკავშირეებთან კოორდინაციით, ვითარების შეფასებას ახდენს.

XS
SM
MD
LG