ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დარტყმა შეუძლია


პარასკევს, ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც იაპონიის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოვარდა. ეს ამ თვეში იარაღის მეორე დიდი გამოცდა იყო, რომელიც აჩვენებს მათ პოტენციურ შესაძლებლობას, ბირთვული დარტყმები შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე მიიტანოს.

შეერთებულმა შტატებმა რაკეტის გაშვება სწრაფად დაგმო და განაცხადა, რომ საკუთარი და მოკავშირე სამხრეთ კორეის და იაპონიის ტერიტორიების დასაცავად, „ყველა საჭირო ზომას“ მიიღებს. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ბანგკოკში გამართულ რეგიონულ ფორუმზე ამ ქვეყნების და ავსტრალიის, კანადის და ახალი ზელანდიის ლიდერებს, რაკეტის გაშვების შესახებ მსჯელობისთვის შეხვდა.

„ჩვენ ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეაჩეროს შემდგომი უკანონო, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. შეერთებული შტატების სახელით, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს სამოკავშირეო რკინასავით მტკიცე ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ,“ თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.

ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი, იარაღის გაცხარებული გამოცდების მიზანი ბირთვული არსენალის გაძლიერება და მომავალ დიპლომატიურ ურთიერთობებში მეტი დათმობების მიღებაა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჩინეთმა და რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწიეს აშშ-ის ნაბიჯებს, რათა გამკაცრებულიყო გაეროს სანქციები, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ თქვა, რომ პოტენციური ქობინის წონაზე დამოკიდებულებით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 15 ათას კილომეტრს აჭარბებდა, „ამ შემთხვევაში მას მთელი კონტინენტური შეერთებული შტატების დაფარვა შეეძლებოდა“.

XS
SM
MD
LG