ოთხშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ თავისივე აღმოსავლეთი ზღვის მიმართულებით მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და ამით კიდევ უფრო გააფართოვა გასულ კვირაში დაწყებული იარაღის დემონსტრირების პროცესი. ფხენიანის განცხადებით, აღნიშნულ გამოცდებში სამხრეთ კორეის და აშშ-ის სამიზნეებზე თავდასხმის სიმულაციაც შედიოდა.
სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებულმა კომიტეტმა თქვა, რომ რაკეტა დასავლეთის დედაქალაქ ფხენიანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სუქჩონიდან გაუშვეს და რაკეტამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებისკენ იფრინა.
სამხრეთ კორეის და იაპონის სამხედრო უწყებების შეფასებით, რაკეტამ დაახლოებით 250-290 კილომეტრი, 30-იდან 50 კილომეტრამდე სიმაღლეზე იფრინა. შედარებით დაბალი ტრაექტორია წააგავდა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი მოკლე რადიუსის ახალი იარაღის ფრენის მახასიათებლებს, რომელიც ანტისარაკეტო დაცვის გვერდის ასავლელად შექმნეს.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის გამოცდის გააქტიურება რეგიონში დაძაბულობას „მნიშვნელოვნად ზრდიდა“ და პეკინში თავისი საელჩოს მეშვეობით ჩრდილოეთ კორეას პროტესტი წარუდგინა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბირთვულ საკითხებში მისი დესპანი კიმ გუნი, ამერიკელ და იაპონელ კოლეგებს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ჩრდილოეთის ბირთვული საფრთხისადმი სამმხრივი რეაგირების თაობაზე ესაუბრა. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლოა ფხენიანმა დაძაბულობის გასაზრდელად, მომავალ კვირებში ბირთვული იარაღის გამოცდა მოაწყოს, რაც 2017 წლის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იქნება.