სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
ყოველწლიური საზაფხულო წვრთნები ამჟამად ახალი სახელით - "თავისუფლების ფარი" - 1 სექტემბერს დასრულდება. სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი იუნ სოკ ილი, რომელმაც პოსტი მაისში დაიკავა, პირობას დებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მუქარის პარალელურად, თავდაცვისა და შეკავების მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს.
სამხრეთ კორეამ წვრთნები ორშაბათს დაიწყო. ეს სამთავრობო მზაობის გაძლიერებას გულისხმობს და ის კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად ტარდება. სამხედრო და სამოქალაქო წვრთნები მიმართულია საომარი მოქმედებების ცვალებადი მახასიათებლების გამოსაცდელად და მზარდ კიბერ-საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიც შეიძლება იყოს მომარაგების ჯაჭვებზე და ჩიპების ქარხნებზე თავდასხმები.
ეს წვრთნები 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. ჩრდილოეთ კორეა ვარჯიშებს თავდასხმის წინაპირობად აფასებს. მან გასულ კვირას ორი საკრუიზო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა წვრთნების წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. წელს ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს უპრეცედენტო ტემპით და მასშტაბით ცდის. სეულში ამბობენ, რომ ჩრდილოელი მეზობელი მეშვიდე ბირთვული გამოცდისთვისაც მზადაა.