ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვა: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს ყიდულობს


შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები ამბობენ, რომ მოსკოვი საარტილერიო შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს. მათ შორისაა რაკეტები და ბომბები. ამის შესახებ გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" ამერიკის მთავრობის წყაროებზე და დეკლასიფიცირებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები გამოცემასთან საუბარში ადასტურებენ, რომ ეს ინფორმაცია მართებულია, და რომ ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთი კვლავ აპირებს იარაღისა და ამუნიციის შეძენას.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ასაფეთქებელი საშუალების შეძენის პროცესშია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უკრიანაში ბრძოლის ველზე გამოიყენოს", - ამის შესახებ გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა წერილობით უპასუხა. თუმცა "ნიუ-იორკ თაიმსი" მის ვინაობას არ ასახელებს და წყაროს ანონიმურობას ინარჩუნებს.

იგივე ოფიციალური პირი ამბობს, რომ ეს შესყიდვები ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში მომარაგებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ ექსპორტზე დაწესებული კონტროლი და სანქციებია. "ჩვენ ველით, რომ რუსეთი მომავალშიც ეცდება ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო აღჭურვილობის შეძენას", - ამბობს გამოცემის კონფიდენციალური წყარო.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობითვე, ამერიკის მთავრობაში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას სანქციების ეფექტურობის ნიშნად მიიჩნევენ. ამასთან, მათი ცნობით, ანგარიშები, რომელთა დეკლასიფიცირებაც ცოტა ხნის წინ მოხდა, არ შეიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შეიძინა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან.

გასულ კვირას მოსკოვმა იარაღი მიიღო ირანისგანაც, სავარაუდოდ ირანული წარმოების დრონების პირველი პარტია. ირანი და ჩრდილოეთ კორეა - ორივე ქვეყანა დასავლეთის მკაცრი სანქციების სამიზნეა. ისინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვთან კავშირებს აღრმავებენ. კიმ ჩენ უნი კონფლიქტში ამერიკულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ დასავლეთი "ჰეგემონურ პოლიტიკას" ატარებს.

გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ აღიარებული უკრაინული რეგიონები, ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და მოსკოვთან "მეგობრული ურთიერთობის" გაღრმავების პირობა დადო. ფხენიანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინიც ადასტურებს, რომ ორი ქვეყანა "მრავალმხრივი და კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას" აპირებს.

XS
SM
MD
LG