შეიარაღების თაობაზე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები წინ აქტიურად მიიწევს, აცხადებს ვაშინგტონი. ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გააფრთხილა ფხენიანი, რომ მისი ქვეყანა გადაიხდის საფასურს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, რომელსაც კრემლი უკრაინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს.
რუსეთისთვის იარაღის მიწოდება „კარგად არ აისახება ჩრდილოეთ კორეაზე და ისინი ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საფასურს გადაიხდიან“, - განაცხადა სალივანმა 5 სექტემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, „თავისთავად ეს ფაქტი ბევრის მთქმელია რუსეთზე, რომელსაც თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად უწევს ისეთ ქვეყანას მიმართოს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. თანაც, ომში, რომლის დასრულებასაც ის ერთ კვირაში ელოდა".
„ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში გეგმავს და ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მოელიან, რომ ფხენიანი კრემლს უკრაინაში მიმდინარე ომისთვის შეიარაღებას მიჰყიდის.
ვაშინგტონი დიდი ხანია აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადადის. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ უმაღლეს შეხვედრაზე მხარეები რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების და ასევე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდებაზე ისაუბრებენ. მოსკოვი ფხენიანს სანაცვლოდ სატელიტებისთვის და ბირთვული წყალქვეშა ნავებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს მიაწვდის.
რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს. „ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხზე სათქმელი არაფერი მაქვს“, უთხრა 5 სექტემბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
Facebook Forum