შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სამ იურიდიულ პირს, რომლებიც რუსეთისთვის უკანონოდ შეიარაღების მიყიდვის საქმეს უკავშირდებიან. ამჯერად საუბარია ხელშეკრულებებზე, რომლებიც მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეასთან გააფორმა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ეს სამი კომპანიაა: "ვერუსი" (Verus), "ვერსორი" (Versor) და "თავდაცვის ინჟინერია" (Defense Engineering). ისინი დაემატა ასობით ინდივიდსა თუ იურიდიულ პირს, რომლებიც მოსკოვს რუსეთზე დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის შეერთებული შტატების სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს "უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის ხელშეწყობის მხარდამჭერი მესამე ქვეყნების აქტორების ამოცნობას, გამოაშკარავებასა და ხელშეშლას".
ბრაიან ნელსონის, ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს რუსეთის "ომის მანქანის" დამხმარეთა მხილებას. "მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ იარაღით ვაჭრობის სააშკარაოზე გამოტანას და ხელის შეშლას იმისთვის, რაც ხელს უწყობს პუტინის დაუნდობელ ომს უკრაინაში", - განაცხადა მან.
სანქციების ბოლო რაუნდს რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ხაზინის დეპარტამენტის მიერ რუსეთის ფინანსური და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებისთვის დაწესებული მორიგი სანქციები. 11 აგვისტოს განკარგულებაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს უკავშირდებოდა, რომელიც 17 თვეზე მეტია გრძელდება.
მაშინ სანქციები დაუწესდათ: პიოტრ ავენს, მიხაილ ფრიდმანს, გერმან ხანსა და ალექსეი კუზმიჩევს. ოთხივე "ალფა ჯგუფის" საზედამხედველო საბჭოში იყო - რუსეთის უდიდეს ფინანსურ და საინვესტიციო კონგლომერატში. “რუსეთის შეძლებული ელიტის წარმომადგენლებმა უნდა გაითავისონ, რომ ვერ შეძლებენ საქმის ძველებურად წარმართვას მანამ, სანამ კრემლი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს", - განაცხადა 11 აგვისტოს ხაზინის მდივნის მოადგილე ვალი ადეიმომ.
Facebook Forum