8 აგვისტოს, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ირანულ დრონების მწარმოებელ კომპანიას და უცხოეთის სხვა ბიზნესებს. ლონდონის განცხადებით, ისინი უკრაინასთან ბრძოლაში რუსეთის ძალებს შეიარაღებით და სხვა საჭირო კომპონენტებით ეხმარებიან.
17 თვის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები არაერთხელ დაუწესა.
სანქციების ახალი რაუნდი უცხოეთის რამდენიმე სახელმწიფოს მოიცავს. 25 სანქცირებულს შორის ერთიანდებიან ირანის, თურქეთის, ბელარუსის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და რუსეთის ბიზნესები და ინდივიდები.
"დღევანდელი საეტაპო სანქციები კიდევ უფრო დააზიანებს რუსეთის არსენალს და დახურავს მომარაგების ქსელს, რომელიც [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის ახლა უკვე დასუსტებული თავდაცვის ინდუსტრიის საყრდენი იყო" - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.
ირანული დრონების მწარმოებელ "პარავარს" და მის ხელმძღვანელებს შეერთებულმა შტატებმა სანქციები წლის დასაწყისში დაუწესა. თებერვალში გამოცხადებულ სანქციებში მოექცა ორი თურქი ექსპორტიორიც, რომლებიც რუსეთს ამარაგებდნენ. ლონდონის მიერ სანქცირებულებს შორისაა შვეიცარიის მოქალაქე ოსკარ ჩუმსკი, რომელიც შვეიცარული კრიპტო-კომპანიის "დულაკ კაპიტალი", მოსკოვის ოფისს ხელმძღვანელობს.
ბრალდების მიხედვით, ჩუმსკი დახმარებას რუსეთის მთავრობის ფინანსურ სექტორს უწევდა. კომპანია "დულაკს" კომენტარი ბრიტანულ სანქციებზე ამ დრომდე არ გაუკეთებია. თავად ჩუმსკი ამერიკული სანქციების სამიზნე ამ წლის მაისში გახდა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები 1 600-ზე მეტ ინდივიდს თუ ბიზნესს დაუწესა. ლონდონი აცხადებს, რომ სანქციების ბოლო რაუნდი უცხოეთის მომმარაგებლებისთვის დაწესებულთა შორის ყველაზე დიდია.
Facebook Forum