აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა, იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერს და მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
„დღევანდელი ქმედებები წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ჩვენს ძალისხმევაში, შეზღუდოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები და მისი ხელმისაწვდომობა ბრძოლის ველის მომარაგებაზე, მის ეკონომიკურ მოგებაზე. ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს აგრძელებს, ჩვენ დავაწესებთ სანქციებს, რათა რუსეთს აღეკვეთოს მისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე წვდომა და ხელი შეეშალოს რუსული იარაღის წარმოების შესაძლებლობებს“ - თქვა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეიომომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახლად დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს, შეასუსტოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მეთოდები.
„დღეს შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რათა შეასუსტოს რუსეთის ამჟამინდელი და მომავალი სამხედრო შესაძლებლობები, შეამციროს რუსეთის შემოსავალი მისი მომავალი ენერგეტიკული პროექტებისა და მათი სამიზნეში ამოღებით, ვინც ეხმარება რუსეთს სენსიტიური მასალების შეძენაში“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა, რომელიც რუსმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უცხოური ტექნოლოგიების იმპორტის გასაგრძელებლად შეიმუშავეს, რუსეთის გარეთ მესამე მხარის შუამავლებისა და გადაზიდვის პუნქტების გამოყენებაა.
„ყირგიზეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული იურიდიული სუბიექტები იყვნენ კონტროლირებული ელექტრონიკის კომპონენტების და სხვა ტექნოლოგიების რუსეთში ხშირი ექსპორტიორები მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამ გადაზიდვებიდან ზოგიერთმა, მგრძნობიარე ორმაგი დანიშნულების საქონელი შემდგომში რუსეთის თავდაცვის სექტორის ერთეულებს მიაწოდა“ - ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტების მიერ გამოცხადებული სანქციების ახალი პაკეტი, კერძო და იურიდიულ პირებთან ერთად, ასევე მოიცავს რუსეთის ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელ ინდივიდუალურ პირებს.