მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს პრორუსული პარტია “შორის“ საქმიანობა აკრძალა. პარტია თვეებია აქციებს მართავს. მას დევნილი ბიზნესმენი ილან შორი ხელმძღვანელობს, რომელსაც დასავლეთი და მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
სასამართლომ ისრაელში მცხოვრები ილან შორის პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მისმა გადაწყვეტილებამ პარტიის საქმიანობის დაუყოვნებელი აკრძალვა გამოიწვია. იუსტიციის სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც დაასრულებს პარტიის დაშლის ყველა იურიდიულ პროცედურას.
აპრილში შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დაუსწრებლად, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალისა და ფულის გათეთრების საქმეებში. მას სანქციები დაუწესეს როგორც აშშ-მ, ასევე ევროკავშირმა.
მას დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაუკეთებია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის დეპუტატები დამოუკიდებელ ადგილებს შეინარჩუნებენ, მაგრამ სხვა ფრაქციებში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ.
გადაწყვეტილებამდე, პარტიის ვიცე-თავმჯდომარე მარინა ტაუბერმა დაგმო სასამართლო პროცესი, როგორც "სამარცხვინო".
"ჩვენ კვლავ მოვალთ ხელისუფლებაში ჩვენი გუნდით", - თქვა მან. „მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის უფლება", - აცხადებს ტაუბერი.
სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლა როსკამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოიყვანა კონსტიტუციის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ პარტიებმა თავიანთი საქმიანობით უნდა დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი, კანონის უზენაესობა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა.
პარტიამ პარლამენტში 101 ადგილიდან ექვსი მოიპოვა, 2021 წლის ბოლო საყოველთაო არჩევნებზე. გასული ზაფხულის შემდეგ, ის დედაქალაქ კიშინიოვში, საპროტესტო აქციებს მართავდა და მთავრობის და პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს გადადგომას ითხოვდა.
სანდუმ თქვა: „კორუფციით და კორუფციისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას“.
სანდუმ დაადანაშაულა შორი მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის ძირის გამოთხრაში. მან ასევე დაადანაშაულა რუსეთი მისი დამხობის შეთქმულებაში.
შორმა უარყო მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობა. რუსეთი, რომელსაც დაახლოებით 1500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში, უარყოფს სანდუს დამხობის განზრახვას.
ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა თქვა, რომ სანდუს მთავრობა "ოფიციალურად გახდა ტოტალიტარული, ანადგურებს ოპოზიციურ ძალებს" და რომ მას საბოლოოდ იგივე ბედი ელის, როგორც შორის პარტიას.
Facebook Forum