უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, დასავლელი ლიდერები, ანალიტიკოსები, ექსპერტები, ხშირად საუბრობენ რუსეთის მიერ, სხვადასხვა რესურსის იარაღად გამოყენების შესახებ. აღმოჩნდა, რომ რუსეთი იარაღად იყენებს საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც კი, როგორიცაა მაცივარი, სარეცხი მანქანა და ა.შ. რუსეთში, ამგვარ ნივთებს შლიან და მათ ინტეგრირებულ სქემებს, მიკროჩიპებს, პროცესორებს, სამხედრო აღჭურვილობაში იყენებს.
სწორედ ამიტომ, გასული წლის მიწურულს, ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, რუსეთში ამგვარი საქონლის ექსპორტი შეზღუდა. მონაცემებმა აჩვენა, რომ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და თურქეთიდან, გასულ წელს, ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტი რადიკალურად გაიზარდა.
„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, მაია ნიკოლაძე „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ ქვეყნებიდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი განსხვავებულია - „ქვეყნების მიხედვით, ლიდერობს სომხეთი. მაგალითად, სომხეთის ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტის ღირებულებამ 2022 წელს, $460 მილიონი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც სომხეთს აქვს. ეს ციფრი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს, სომხეთის ელექტრონული პროდუქტების ექსპორტი მხოლოდ $12 მილიონი იყო. სომხეთის მსგავსად, 2022 წელს, თითქმის გაორმაგდა თურქეთის ელექტრონიკის ექსპორტი და დაახლოებით $560 მილიონი შეადგინა.“
მკვლევარი ამბობს, რომ გასულ წელს, ამგვარი საქონლის ექსპორტი რუსეთში, ასევე გაორმაგდა საქართველოდან. თუმცა, მისივე თქმით, ეს მონაცემები ბევრად ჩამორჩება, სომხეთისა და თურქეთის მონაცემებს.
„2021 წელს, საქართველოდან რუსეთში გატანილი ელექტრონიკის ღირებულება $7.7 მილიონი იყო, 2022-ში კი $14.6 მილიონი. მიუხედავად იმისა, საქართველოს ელექტრონიკის ექსპორტის რაოდენობა, სომხეთის და თურქეთისმონაცემებზე ბევრად მცირეა, საქართველოსთვის ეს მაინც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან რუსეთი ახდენს ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის ტრანსფორმირებას და სამხედრო აღჭურვილობაში გამოყენებას. მაგალითად, რუსები სამხედრო პროდუქციაში იყენებენ მაცივრებიდან გამოცალკავებულ ნახევარგამტარებს და ელექტრონულ კომპონენტებს.“ - ამბობს ნიკოლაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ, დასავლელ პარტნიორებთან ექსპორტის კონტროლის საკითხზე კომუნიკაცია დაამყაროს. „შეიძლება არსებობს გარკვეული სისუსტეები საქართველოს საბაჟო კონტროლის სისტემაში, რომელიც ართულებს ექსპორტის მონიტორინგს. ამ შემთხვევაში, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, საქართველოს საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების კუთხით, სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება."
თანამშრომლობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის
ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს და თანამშრომლობს თუ არა თბილისი ვაშინგტონთან იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა ვერ შეძლოს - ეს არის კითხვები, რომლებიც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს დაუსვა. შეერთებული შტატების საგარეო უწყებაში გვითხრეს, რომ სჯერათ, ამ მიმართულებით საქართველო შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და რომ სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს, გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს. შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ომი დასრულდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა რაც შეიძლება მალე აღდგეს. ამ ომის დასრულება შედის არა მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესში, არამედ მთელი მსოფლიოს, მათ შორის და განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
რუსეთის მიერ, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას, შეერთებული შტატები კრიტიკულად მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ჯიმ ობრაიენმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს სწორედ ამტომ სტუმრობს.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებითი პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში. ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში და სხვაგან. ჩვენ გვყავს გუნდები, რომლებიც მიდიან თურქეთში და სხვა ადგილებში“- განაცხადა ობრაიენმა.
ცხადია, რომ შეერთებულ შტატებს, საქართველოსთან დაკავშირებით, გარკვეული შეშფოთებები აქვს.ლუკ კოფი
ვაშინგტონში ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ობრაიენის განცხადება, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში არსებული შეშფოთების ნიშანია. პრობლემის მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგადი მიდგომა, ქვეყნებთან ჩართულობის გაღრმავება და თანამშრომლობაა. „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი კი განმარტავს, როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს ეს პროცესი ახლა, თბილისსა და ვაშინგტონს შორის.
„ბატონი ობრაიენის განცხადება საქართველოში ვიზიტის შესახებ ცხადყოფს, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ეხმარება საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ამ სანქციების აღსრულება. და ეს შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმასაც, რომ შეერთებული შტატების მთავრობა, დახურულ კარს მიღმა ესაუბრება საქართველოს მთავრობას, აკრიტიკებს მათ, თუ სანქციები ირღვევა. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ზუსტი დეტალები და ვფიქრობ, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოვერიდოთ. თუმცა ცხადია, რომ შეერთებულ შტატებს, საქართველოსთან დაკავშირებით, გარკვეული შეშფოთებები აქვს“ - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კოფი.
გარკვეულ დეტალებზე, ჯერ კიდევ აპრილის მიწურულს, ობრაიენმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოდან რუსეთში ელექტრონული საქონლის ტრანზიტი მომატებული იყო. საუბარია ინტეგრირებულ სქემებზე, მიკროჩიპებზე, პროცესორებზე. ეს კი ლეგალური მხოლოდ გასული წლის ბოლომდე იყო, ვიდრე ევროკავშირი და დიდი შვიდეული, ამ ტიპის ვაჭრობაზე შეზღუდვებს დააწესებდა.
„ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე - იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს. ჩვენ ამ საკითხზე რეგულარულად ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ვმუშაობდით ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე.“
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი კი ფიქრობს, რომ თბილისში შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმები, ანტიდასავლური განცხადებები, შესაძლოა ამ პროცესს ართულებდეს.
„საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ეს ვარდნა, ალბათ, ართულებს სანქციების აღსრულების ძალისხმევას. დროთა განმავლობაში, როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში, მზარდი შეშფოთების საგანია ის, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, ამ ანტიდასავლური განცხადებებით, ელჩ დეგნანზე თავდასხმებით, ამ სრულიად გაუმართლებელი თავდასხმებით. თუმცა, უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო დიდი შეშფოთების საგანიც არსებობს, ვიდრე ურთიერთობებია. თუ ადრე უპირველესი საზრუნავი ანტიდასავლური მიმართულება იყო, ახლა უფრო მეტი შეშფოთება საქართველოს უფრო ავტორიტარული მიმართულებით სვლაა. საქართველოს ტრადიციულ პარტნიორებს აშფოთებთ, რომ საქართველო შეიძლება წავიდეს მიმართულებით, რომელიც მას რუსეთის წინაშე მარტო დატოვებს“ - ამბობს კორტნი.
უცნობია, შემცირდა თუ არა, 2023 წელს, საქართველოდან რუსეთში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი. ობრაიენის განცხადებით, ამ ტიპის რეექსპორტი, სრულად, დაუყოვნებლივ აკრძალა თურქეთმა მას შემდეგ, რაც მოსალოდნელი სანქციების შესახებ აცნობეს. მისვე თქმით, სრულიად ახალი პროცედურები შემოიღო ყაზახეთმა და მოქმედებისთვის მზადაა არაბთა გაერთიანებული საამიროები. როგორც თავად ამბობს, სხვა ქვეყნები ახალი პროცედურების დანერგვას იწყებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ თბილისს, სანქციების სრულად აღსრულებაში, ვაშინგტონი უნდა დაეხმაროს.
„ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ [საქართველოს მთავრობას], ამ სანქციების სრულად აღსრულებაში. და თუ შეერთებული შტატების მთავრობა დაინახავს ქართული ბიზნესის მიერ რაიმე დარღვევას, მაშინ ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ საქართველოს მთავრობა და ვიმუშაოთ მათთან, რათა შეეცადოს ამ ხარვეზების გამოსწორებას და დახურვას. და თუ ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან და მაინც არ იქნება პროგრესი, მაშინ შეგვიძლია სხვა ზომების მიღებაზე ვისაუბროთ. მაგრამ, არ მგონია ახლა ვინმე სანქციებს განიხილავდეს“ - ამბობს კოფი.
ჩრდილოეთ ამერიკაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ მაშინ, როცა ამერიკელი, ევროპელი გადასახადების გადამხდელები, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, თავადაც ზარალდებიან, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს საშუალებით, რუსეთი ახერხებს სანქციებს გვერდი აუაროს, თბილისისთვის შესაძლოა მძიმე შედეგები დადგეს.
„თუ ჩრდილოეთ ამერიკელი და განსაკუთრებით ევროპელი გადასახადების გადამხდელები, რომლებიც თავად მნიშვნელოვნად ზარალდებიან რუსეთზე დაწესებული სანქციების რეჟიმის გამო, დაინახავენ, ან თუ დაიწყება მტკიცებულებების გამოვლენა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაშინ საქართველო ადვილად აღმოჩნდება სანქციების ქვეშ. არავის სურს საქმე აქამდე მივიდეს, მაგრამ მოხდება თუ არა ეს, საქართველოზეა დამოკიდებული. საქართველოს დასანქცირება ახლა საჭირო არ არის, მაგრამ თუ ის კიდევ რაიმე ნაბიჯს გადადგამს მოსკოვისკენ, მაშინ მოუწევს შედეგებს შეეგუოს.“
საქართველო გზაჯვარედინზე
შეპარდის დაკვირვებით, თბილისი ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე დგას და ერგთვარ ბალანსის პოლიტიკას ატარებს. მისივე დაკვირვებით, ამ გზაჯვარედინიდან გზა მოსკოვისკენ, ბელარუსის პრეცედენტზე გადის.
„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს სურს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ვფიქრობ ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არსებითად შეჩერებულია, საკმარისი გზავნილია. ხალხი აცნობიერებს, რომ საქართველო მძიმე მდგომარეობაშია. მე მუდმივად ვამბობ, რომ საქართველოს [რუსეთსა და დასავლეთს შორის] ერთგვარი ბალანსის მიდგომა აქვს, ან გზაჯვარედინზეა. და თუ საქართველო მართლაც გაივლის გზაჯვარედინზე და რუსეთის მხარეზე აღმოჩნდება, მაშინ [სანქციების ხილვა] სავსებით შესაძლებელია. ვგულისხმობ იმას, რომ ამის პრეცედენტი არსებობს, ბელარუსი სანქციების ქვეშაა. და თუ საქართველო ამ მიმართულებით წავა... მაგრამ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე არ მოხდება. არ მგონია ვინმეს სურდეს საქართველოსთვის სანქციების დაწესება“ -ამბობს შეპარდი.
კოფი ამბობს, რომ საქართველო ვერ შეძლებს, ე.წ. დაბალანსების პოლიტიკა მუდმივად გაატაროს, მოსკოვის მიმართ ხელისუფლების სიმპათიას კი მძიმე შედეგები მოჰყვება.
„ბოლო თვეებში, საქართველოს მთავრობის ხედვები, მის პოზიციები, მოსკოვის მიმართ უფრო სიმპათიითაა განწყობილი. მე ამას არ დავარქმევდი აშკარად პრორუსულს, მაგრამ ეს [ხედვები და პოზიციები], რა თქმა უნდა რუსეთის პოზიციის მიმართ სიმპათიაა. მაგრამ, ხელისუფლება ცდილობს ეს ისე გააკეთოს, რომ დასავლეთთან ურთიერთობა დელიკატურად დააბალანსოს. მოკლე ხნის განმავლობაში შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ არა სამუდამოდ. და აქ საქმე მხოლოდ ის არაა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის მიმართ სიმპათიით მიდგომას გააგრძელებს, დასავლეთს საქართველოსთვის მძიმე შედეგები ექნება - საქმე ისიცაა, რომ დასავლეთი უბრალოდ ინტერესს დაკარგავს.
[დასავლელ] პოლიტიკოსებს საქართველო აღარ დააინტერესებთ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არ იქნება წარმოდგენილი დებატებში, საჯარო დისკუსიებში, დისკურსებში და ვფიქრობ საქართველოსთვის ეს ტრაგიკული იქნება, რადგან მე ნამდვილად მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, ტრანსატლანტიკურ ალიანსშია. ვფიქრობ, ამ საკითხში ქართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცხადია და სამწუხაროა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, ამ პერსპექტივისთვის, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ფორმალურად შესვლისთვის, დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავთ“ - აცხადებს „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი.
საქართველოს მიერ განცდილი დემოკრატიული უკუსვლა, შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, ხშირად არის განხილვის საგანი. სწორედ სენატი იმსჯელებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე, ჯეიმს ობრაიენის დანიშვნის შესახებ. სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში სწორედ იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას ავითარებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.