"პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან, რუსეთის ჯარი გაიყვანოს" - ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის გადაწყვეტილებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება 10 მაისიდან გააუქმა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს ასევე სავიზო შეზღუდვებიც მოუხსნა, რის საფუძველზეც, 15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90 დღის განმავლობაში ყოფნა კანონიერად შეეძლებათ.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის.
"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება.
ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.