ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკრძალებული აღლუმი და წარუმატებელი საჰაერო თავდასხმა კიევზე - მოსკოვის 9 მაისი


უკრაინაში ზამთრის წარუმატებელი საომარი კამპანიისა და შეიარაღების დეფიციტის ფონზე, მოსკოვმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე წითელ მოედანზე აღლუმითა და კიევზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმით აღნიშნა.

კრემლის კედელთან ათწუთიანი სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა „დასავლური გლობალური ელიტების“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ცივილიზაციები „გარდამტეხი შემობრუნების მომენტშია“.

„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დასავლეთის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელსაც ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი პუტინის რუსეთში, მნიშვნელოვანი დღეა და ტრადიციულად, პომპეზურად აღინიშნება. თუმცა, დამკვირვებლების აზრით, წელს ის გაცილებით ნაკლები ზარზეიმით აღინიშნა. თანამედროვე საბრძოლო ტანკების ფლანგების ნაცვლად, მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-34 ტიპის ტანკი გამოჩნდა. ავიაგამანადგურებელების ფრენა კი, რომელიც ტრადიციულად იმართებებოდა, გაუქმდა.

ამ ყველაფერს კი ფონად გასდევდა დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის, „ვაგნერის“ ლიდერის განცხადება, რომელიც რუს გენერლებს აკრიტიკებდა. „გუშინ მოვიდა საბრძოლო ბრძანება, რომელშიც ნათლად იყო ნათქვამი, რომ თუ [ბახმუტში] ჩვენს პოზიციებს დავტოვებთ, ეს ღალატად ჩაითვლება. თუ საბრძოლო მასალა არ იქნება, ჩვენ დავტოვოვებთ ჩვენს პოზიციებს და ვიკითხავთ, - ვინ ღალატობს სამშობლოს?“ - ამბობს ევგენი პროგოჟინი გავრცელებულ აუდიომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო ბახმუტის აღება, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო, 9 მაისისთვის პუტინს ეს გამარჯვება მიეღო.

კიევი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვა, კიევის მიმართულებით გასროლილი 25 ფრთოსანი რაკეტიდან, 23 ჩამოაგდო. ღამით, დედაქალაქზე განხორციელებულ რუსულ საჰაერო თავდასხმას მსხვერლი არ მოჰყოლია. ეს იყო რუსული საჰაერო თავდასხმების ზედიზედ მეორე ღამე და მეხუთე, მიმდინარე თვეში.

მაშინ, როცა მოსკოვი ფაშიზმზე გამარვების დღეს ზეიმობს, კიევმა ევროპის დღე აღნიშნა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ამიერიდან 8 მაისს აღნიშნავს, როგორც ევროპული ქვეყნები უმრავლესობა. წელს, ევროპის დღე უკრაინამ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მასპინძლობით აღნიშნა.

„ჩვენი ძალისხმევა ერთიანი ევროპისთვის, უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის უნდა იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ევროპა“ - თქვა ზელენსკიმ, ფონ დერ ლეიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG