ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა" - შაჰინი


„საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მათი მთავარი ვალდებულება იყო, რომლის შესრულებასაც აპირებდა. თუმცა, მათ აშკარად უარყვეს ეს ვალდებულება“ - განცხადება სენატორმა შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე. ჯინ შაჰინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულება უნდა იგრძნოს.

16 ნოემბერს, სენატში გამართულ მოსმენაზე, სენატორები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომამდგენლები, კავკასიის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას აფასებდნენ. დისკუსიის დიდი ნაწილი, საქართველოს საკითხს დაეთმო. მოსმენაზე, მომხსენებლის რანგში, კომიტეტის წინაშე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი და ჟენევის დიაკუსიებად ცნიბილი კავკასიის საკითხებში მთავარი მრჩეველი, ფილიპ რიკერი წარსდგნენ.

სხდომის შესავალშივე, კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდენსმა, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და დამოუკიდებელი მედიის დევნაზე ისაუბრა.

„ეს არის ერი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებებს და განგრძობით მცდელობებს, დაიბლოკოს სწორედ ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის სჭირდება. შეერთებული შტატები უნდა დარჩეს [პროცესებში] ჩართული და ამ მყიფე პერიოდში, მხარი დაუჭიროს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ - განაცხადა მენენდენსმა.

ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებებს და განგრძობით მცდელობებს, დაიბლოკოს სწორედ ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის სჭირდება.
ბობ მენენდენსი

შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დემოკრატიის კუთხით, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ შეშფოთებას იზიარებენ. სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა, ხომ არ არის დრო, საქართველოსადმი შეერთებული შტატების დახმარება, საქართველოს ხელისუფლების ქცევის შესაბამისი გახდეს? შაჰინის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშკარად უარყო თავისივე გაცხადებული ვალდებულება, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ, ვამტკიცებ, რომ შესაძლოა ეს დახმარება, საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ, და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენისა და პალატის წარმომადგენლებმა, ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამარწმუნეს, რომ შესაძლოა ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით?“- ამ კითხვით, სენატორმა შაჰინმა კარენ დონფრიდს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმართა. დონფირდმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, საკითხი სენატის წარმომადგენლებთან განიხილოს.

„ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია, ასე რომ, ღია ვართ თქვენთან უფრო დეტალური საუბრის გასამართად. თქვენ იცით მიზეზები, რის გამოც გვსურს ამ კურსის შენარჩუნება. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი ძლიერი შეშფოთება, ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობას წარმოაჩენს...“ - განაცხადა დონფრიდმა.

სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულება იგრძნოს და იცოდეს, რომ არსებობს შედეგები, რომლებიც შესაძლოა დახმარების კონტექსტში აისახოს.

„ამაში, რა თქმა უნდა გეთანხმებით. მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მისი მთავარი ვალდებულება იყო, რომლის შესრულებასაც აპირებდა. ეს საქართველოს მთავრობამ უთხრა ქართულ საზოგადოებას, შეერთებულ შტატებს, ევროპულ საზოგადოებას და მისმა წევრებმა აშკარად უარყვეს ეს ვალდებულება. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმ ვარიანტებზე, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია ვცადოთ იმისთვის, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი იყვნენ. და ნათელი გავხადოთ მათთვის, რომ არსებობს შედეგები და ამ შედეგებიდან ზოგიერთი შეიძლება უკავშირდებოდეს დახმარების საკითხს, რომლის გასაწევადაც ჩვენ მზად ვართ. სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ამაში ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის, ეს მისი ხელისუფლებაა დამნაშავე. მაგრამ, რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე მათ მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვონ“ - აცხადებს შაჰინი.

ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის, ეს მისი ხელისუფლებაა დამნაშავე. მაგრამ, რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე მათ მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვონ
ჯინ შაჰინი

კარენ დონფრიდი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა სრული მხარდაჭერა და დახმარება, რეფორმების იმ ჩამონათვალის შესრულებაში, რაც ქვეყანამ ევროკავშირისგან, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიიღო. დონფრიდის თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ამ მიმართულებით პროგრესის ნაკლებობაა.

"ქართველების 85% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვფიქრობ ეს ზეწოლას ახდენს მთავრობაზე. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვეუბნებით, - ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეფორმების სიას, რომელიც თქვენ უნდა გაატაროთ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვუთხარით, - ჩვენ ყველანი დაგეხმარებით ამ რეფორმების განხორციელებაში. ასე რომ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ, ნამდვილად შეშფოთებული ვართ, ამ დრომდე პროგრესის ნაკლებობით" - აცხადებს დონფრიდი.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და კრიტიკა იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც, სენატორებმა კითხვები დასვევს. დონფრიდის თქმით, ვაშინგტონმა ნათლად თქვა, რომ ამგვარი პროცესები ძირს უთხრის ორი ქვეყნის პარტნიორობას.

ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს დიდხნიან პარტნიორობას
კარენ დონფრიდი

"ელჩის მიმართ გამოთქმული კრიტიკა აღმაშფოთებელია. მინდა აქ წევრებს ვუთხრა, რომ ის არის შეერთებული შტატების შესანიშნავი წარმომადგენელი საქართველოში. ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. Მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები, რომლებიც მკაცრად და მცდარად აკრიტიკებენ ელჩს, არ არიან მთავრობის ნაწილი, მათ მჭიდრო კავშირები აქვთ მთავრობასთან. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს დიდხნიან პარტნიორობას" - აცხადებს დონფრიდი.

გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, ამერიკის როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ გამოითქვა სრული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მზადყოფნა, საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ერთობლივი მუშაობის შესახებ.

XS
SM
MD
LG