დიდი ბრიტანეთი განიხილავს შეუერთდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთში ზოგიერთი ტექნოლოგიური ინვესტიცია აიკრძალა. ლონდონი ამბობს, რომ აგრძელებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების შეფასებას.
„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით განიხილავს ამ ახალ ზომებს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ზოგიერთ ინვესტიციებთან დაკავშირებულ, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების შეფასებას“,- თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.
აპრილიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი თავადაც განიხილავს ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებას. აპრილში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ თქვა, რომ შემუშავდა მიდგომა, რომელიც მოიცავდა შეზღუდვების დაწესებას ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით.
ამერიკული სანქციები შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს. ოთხშაბათს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც ხაზინის დეპარტამენტის მდივანს უფლებას აძლევს აკრძალოს ან შეზღუდოს ამერიკული ინვესტიციები ჩინურ ეკონომიკურ ობიექტებში, რომლებიც ამ სექტორებში მუშაობენ.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ოფიცალური პეკინი კი ამბობს, რომ შეშფოთებულია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით.
Facebook Forum