ოდესასთან ახლოს მდებარე უკრაინული პორტი ორმა სატვირთო გემმა დატოვა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ პარასკევს განაცხადა. ეს მესამე და მეოთხე გემებია, რომლებიც უკრაინის ღრმაწყლოვანი პორტებიდან შავი ზღვის გავლით გადის, რუსეთის მიერ ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმების" დატოვების და ექსპორტის დაბლოკვის მიუხედავად.
ოლექსანდრ კუბრაკოვი ამბობს, რომ ლიბერიის დროშით მცურავი "ანნა-ტერეზა" და მარშალის კუნძულების დროშის მქონე გემი "ოუშენ ქართესი" დიდი გემებია, რომლებმაც პივდენის პორტი დატოვეს და სამოქალაქო გემების დროებითი კორიდორის გამოყენებით გადააადგილდებიან. უკრაინის ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი სამინისტრო ამბობს, რომ ეს ორი გემი ქვეყანაში შარშან, თებერვლიდან იმყოფებიან.
რუსეთი უკრაინულ პორტებს შარშან, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბლოკავს. ის ყველა გემს ემუქრება და ამბობს, რომ მათ სამხედრო სამიზნეებად განიხილავს. ივლისში მან გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა და მარცვლეულის ექსპორტი დამატებითი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთი ასევე ბომბავს მარცვლეულის საწყობებს საპორტო და მიმდებარე ქალაქებში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ერთგვარ "ჰუმანიტარულ დერეფანს" ქმნის. მისი გამოყენება ამ დრომდე მოახერხა იმ ორმა ხომალდმა, რომლებიც უკრაინის პორტებში წელიწადნახევრის განმავლობაში იყო გაჭედილი.