უკრაინის სოფლის მეურნეობის მაღალი თანამდებობის პირმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მაღალი ლოგისტიკური ხარჯების მიუხედავად, რაც ომის პერიოდის ექსპორტის კრიზისითაა განპირობებული, არ არის მოსალოდნელი, რომ უკრაინელმა ფერმერებმა ზამთრის ხორბლის თესვის ფართობები შეამცირონ.
უკრაინა ხორბლის წამყვანი მწარმოებელია და შავი ზღვის დერეფნის გაქრობამ, რომელიც ომის დროს მარცვლეულის უსაფრთხოდ ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, წარმოშვა ვარაუდები, რომ ექსპორტის გაძვირებული მარშრუტების მიზეზით მოგების შემცირების გამო, შესაძლოა ფერმერებმა ნაკლები ხორბალი დათესონ.
ორშაბათს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა გამოკითხვის მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ შეიძლება ფერმერებმა ზამთრის ხორბლის თესვის ფართობები მართლაც შეამცირონ და იმავდროულად ზამთრის რაფსის ფართობები რეკორდულად მაღალ დონემდე გაზარდონ.
თუმცა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტარას ვისოცკიმ „როიტერს“ უთხრა, რომ ზამთრის ხორბლის ნათესების ფართობი შეიძლება მთლიანად მხოლოდ 0.1 პროცენტით შემცირდეს.
უკრაინა ზამთრის ხორბლის ტრადიციული მომყვანია და ეს კულტურა ხორბლის მთლიანი მოცულობის 95 პროცენტს შეადგენს.
ამჟამად, უკრაინას შეზღუდული მოცულობის ექსპორტის საშუალება აქვს, რასაც ის დუნაის მცირე სამდინარო პორტების და ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრის მეშვეობით ახორციელებს.