რუსეთი აცხადებს, რომ ის დაბლოკავს დიდი ოცეულის სამიტის საბოლოო დეკლარაციას, თუ მასში, უკრაინასა და სხვა კრიზისებთან დაკავშირებით, მოსკოვის პოზიცია არ იქნება ასახული. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა. ორდღიან სამიტს, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, ინდოეთი უმასპინძლებს.
სამიტზე, დიდი ოცეულის ქვეყნები ძირითადად პირველი პირებით იქნება წარმოდგენილი. თუმცა, სამიტზე რუსეთს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნაცვლად, სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, მარტში, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდენი გასცა, რუსეთის პრეზიდენტი საზღვარგარეთ მოგზაურობას ერიდება.
"არ იქნება გენერალური დეკლარაცია ყველა წევრის სახელით, თუ მასში ჩვენი პოზიცია არ აისახება", - განუცხადა ლავროვმა მოსკოვის პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებს. ლავროვმა ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, სამიტის მოსამზადებელ შეხვედრებზე, უკრაინის საკითხი წამოაყენა. „ეს საკითხი ჩვენთვის დახურულია“, - თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დასავლეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თუ დიდი ოცეულის სამიტზე კონსენსუსი ვერ შედგება, სამიტის ხელმძღვანელობას შეუძლია, დეკლარაციის მიღების ნაცვლად, არასავალდებულო კომუნიკე გამოსცეს.
„კიდევ ერთი ალტერნატივა არის დოკუმენტის მიღება, რომელიც დიდი ოცეულის კომპეტენციების სფეროებზე იქნება ფოკუსირებული. დანარჩენი ყველამ საკუთარი სახელით თქვას“ - განაცხადა ლავროვმა.
9-10 სექტემბერს დაგეგმილ სამიტს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ინდოეთი სამიტისთვის განსაკუთრებით ემზადება. მის უსაფრთხოებას დრონსაწინააღმდეგო სისტემები და უსაფრთხოების 130 000-მდე ოფიცერი დაიცავს.