ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის წევრები რუსეთზე ერთობლივ კომუნიკეს გამოსცემენ


მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის ქვეყნის ლიდერებმა, სამშაბათს, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. ლიდერები სავარაუდოდ ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ, სადაც მათი უდიდესი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ომს დაგმობს. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აცნობა. განცხადებაში, სავარაუდოდ აღნიშნული იქნება, რომ რუსეთის მიერ წამოწყებილი ომი უკრაინაში ახლა მთელს მსოფლიოში ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრობლემების საფუძველია.

განცხადება დიდი ალბათობით სამიტის დასასრულს გამოქვეყნდება და რუსეთის იზოლაციის პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რამდენი ქვეყანა მოაწერს მას ხელს.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ლიდერები ძირითადად თანხმდებიან დიდი შვიდეულის პრიორიტეტებზე. თუმცა რუსეთთან დაკავშირებული კომუნიკე სამიტის წევრებისთვის, ერთიანობის ერთგვარი ტესტი იქნება.

გამხსნელ სიტყვაში ოცეულის სამიტის მასპინძელმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ წევრებს სთხოვა იყვნენ ერთიანი ეკონომიკური წინსვლის ძალისხმევაში, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე.

"ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მსოფლიოს გადასარჩენად თანამშრომლობაა საჭირო. პასუხისმგებლობა ნიშნავს ომის დასრულებასაც. დიდი ოცეული უნდა იყოს ეკონომიკური აღდგენის კატალიზატორი. ჩვენ არ უნდა დავყოთ მსოფლიო ნაწილებად. არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო კიდევ ერთ ცივი ომში აღმოჩნდეს", - თქვა ვიდოდომ.

დიდი ოცეულის სამიტს სპეციალურმა მიწვეულმა სტუმარმა, უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა. ონლაინ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ პირობებზე ისაუბრა, რაც უკრაინაში ომის დასასრულებლადაა საჭირო. უკრაინა არაა დიდი ოცეულის წევრი, თუმცა ვლადიმირ პუტინის დაპატიჟებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობის პარალელურად, ინდონეზიამ ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილებით, ზელენსკის სამიტში მონაწილეობა შესთავაზა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ძალები უკრაინის მიწიდან და გამოწვეული ზიანისთვის კომპენსაცა გადაიხადოს.

ვლადიმირ პუტინი სამიტს პირადად არ დასწრებია. ზელენსკის გამოსვლას ბალიში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ისმენდა. მოგვიანებით, ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და არარეალისტურ პირობებს აყენებს.

XS
SM
MD
LG