ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი რუსეთში ჩასვლას და მარცვლეულის შეთანხმების განხილვას გეგმავს


ვლადიმირ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი
ვლადიმირ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი

ანკარა აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი რუსეთს მალე ეწვევა. ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხილვაა, რომელიც შავი ზღვის ინიციატივის სახელით არის ცნობილი.

საერთაშორისო შეთანხმება უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. მაგრამ, გასულ თვეში, ის რუსეთმა ცალმხრივად დატოვა. უკრაინაში, გასული წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, შავი ზღვის წყლების უკრაინულ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს.

განცხადება ერდოღანის მომავალ ვიზიტზე თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა 28 აგვისტოს გააკეთა. ანკარა ცდილობს მოსკოვი დაარწმუნოს, დაუბრუნდეს იმ შეთანხმებას, რომლის მეშვეობითაც ოდესის და უკრაინის სხვა საზღვაო პორტებიდან, ღარიბი ქვეყნების მიმართულებით, ათობით მილიონი ტონა მარცვლეული გადაიტანეს.

ომერ ჩელიკმა, თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა, არ დააკონკრეტა თუ როდისთვის იგეგმება ერდოღანის ვიზიტი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი სოჭში "მალე" ჩავა.

მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით, "ამ ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა მოვლენების განვითარება და ახალი ეტაპების მიღწევა მოხდეს", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერდოღანი რუსეთში ჩასვლას მომავალ კვირაში აპირებს. "ბლუმბერგის" ცნობით, ვიზიტი სავარაუდოდ 8 სექტემბერს დაიწყება, სანამ ერდოღანი ინდოეთში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG