ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ სუსმა „საკითხის შესწავლა“ დაიწყო


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე.

„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

უცნობია, კონკრეტულად რა მიმართულებით დაიწყო „საკითხის შესწავლა“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".

გუშინ, 14 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების" მხილება უწოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG