მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მთავარი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს: 43 წლის ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსია და 40 წლის შალვა თადუმაძე, მას აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს.
თადუმაძე 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, როცა ოპოზიციის მაშინდელ ლიდერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. 2012-18 წლებში კი მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა.
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე (ლომინაძის მკვლელობა, ვაზაგაშვილი-ხუბულოვის მკვლელობა, ციხეში პატიმრების წამება, 7 ნოემბრის დარბევა, ტელეიმედის ჩამორთმევა) ბრალდების მხარეს წარმოადგენდა. მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო მსჯავრდებული შსს-ის ოფიცრების შეწყალების ეპიზოდზე. ამ საქმეზე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს იანვარში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ნადარეიშვილისა და თადუმაძის გარდა, დღეისათვის, მთავარი პროკურორის პოსტისთვის, კიდევ 18 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2004-05) და უშიშროების ყოფილი მინისტრი (1997-98) ჯემალ გახოკიძე და მარიამ ცაცანაშვილი, რომელსაც ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის დროს საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეჭირა. ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ადვოკატი შალვა შავგულიძე. ის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კარგი მმართველობის პროგრამის კოორდინატორის, იურისტ ლევან ალაფიშვილი აზრით, მმართველი პარტია ცდილობს აჩვენოს რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია:
სინამდვილეში მთავარი პროკურორის შერჩევის სისტემა ისეთია, როდესაც საპროკურორო საბჭოსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის პოლიტიკური ვაჭრობა და გარიგება აუცილებლად უნდა შედგეს“ლევან ალაფიშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
„ხელისუფლება ცდილობს ამ პროცესს პლურალისტული გარემოს ელფერი შესძინოს, რო აი, მრავალი კანდიდატია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თითქოს ამ სიმრავლიდან საუკეთესო არჩევანს აკეთებს. სინამდვილეში მთავარი პროკურორის შერჩევის სისტემა ისეთია, როდესაც საპროკურორო საბჭოსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის პოლიტიკური ვაჭრობა და გარიგება აუცილებლად უნდა შედგეს.“
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის პროცესი 4 ივნისს დაიწყო და ხვალ, 4 ივლისს დასრულდება. ამჟამად წარდგენილი 20 კანდიდატიდან 14 მამაკაცი და 6 ქალია. პროცესის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი წულუკიანი არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს, რომელთაგან მინიმუმ ერთი ქალი უნდა იყოს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს.
საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის შერჩეულ კანიდატურებს სხდომაზე, ცალ-ცალკე, კენჭს ფარულად უყრის და რომელი კანდიდატიც მეტ ხმას მიიღებს, მთავარი პროკურორიც ის გახდება.
საპროკურორო საბჭოში 15 წევრია, თავად იუსტიციის მინისტრი, რომელიც იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა; 8 მოქმედი პროკურორი, 2 მოქმედი მოსამართლე, 2 სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენელი და 2-იც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატი.
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიაჩნია, რომ „მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი და საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური დაინტერესებისგან როგორც ინსტიტუციის, ასევე უშუალოდ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დაცვას“.
შესაბამისად, თუ მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი არ შეჩერდა, ქვეყანა, როგორც წინა შემთხვევებშიც, ახლაც, არა დამოუკიდებელ, არამედ მმართველ პარტიასთან ანგარიშვალდებულ მთავარ პროკურორს მიიღებს. ამ შეხედულებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც იზიარებს:
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანდიდატის მიმართ საზოგადოებაში მაქსიმალური ნდობა და კონსენსუსი არსებობდეს“ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მიმდინარე გამოძიებამაც დაგვანახა, თუ რამხელა პრობლემები არსებობს საგამოძიებო უწყებებში, როგორც დამოუკიდებლობის, ასევე პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ამიტომ, თუ ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანდიდატის მიმართ საზოგადოებაში მაქსიმალური ნდობა და კონსენსუსი არსებობდეს.“
საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური 31 მაისს გახდა, როცა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლის მკლელობის გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
მოსამართლემ პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები ბოლომდე არ გაიზიარა, რითაც კიდევ უფრო გაამძაფრა მოკლულთა ოჯახებისა და საზოგადოების ეჭვი, რომ პროკუტურასა და შსს-ში რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე არასრულად და არასწორად იქნა გამოძიებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, ქვეყანაში მეოთხე მთავარი პროკურორი შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, გენერალური და მთავარი პროკურორი ექვსჯერ, ხოლო შევარდანაძის მმართველობის დროს - ხუთჯერ გამოიცვალა.
საქართველოს გენერალური პროკურორები
ვახტანგ რაზმაძე 1991
ვაჟა აბაკელია 1991
ვახტანგ რაზმაძე 1992 (მეორედ)
თედო ნინიძე 1992-1993
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1994-2000
გია მეფარიშვილი 2001
ნუგზარ გაბრიჩიძე 2001-2004
ირაკლი ოქრუაშვილი 2004
ზურაბ ადეიშვილი 2004-2008
ეკა ტყეშელაშვილი 2008
ზურაბ ადეიშვილი (მეორედ) 2008-12
თეა წულუკიანი 2012
მთავარი პროკურორები
მამუკა გვარამია 2008-2009
მურთაზ ზოდელავა 2009-2012
არჩილ კბილაშვილი 2012-13
ოთარ ფარცხალაძე 2013
გიორგი ბადაშვილი 2014-15
ირაკლი შოთაძე 2015-2018
Facebook Forum