ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დააპატიმრებენ თუ არა ყოფილ მთავარ პროკურორს?


დავით ჩხატარაშვილი - დაკავებულია, ზურაბ ადეიშვილი - იძებნება, მურთაზ ზოდელავა - ?
დავით ჩხატარაშვილი - დაკავებულია, ზურაბ ადეიშვილი - იძებნება, მურთაზ ზოდელავა - ?

ტრადიცია უცვლელია: ყოველი ახალი ხელისუფლება ახალი მთავარი პროკურორით მოდის

ერთწლიანი გაუჩინარების შემდეგ, საქართველოში ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაბრუნდა. ეს თანამდებობა მას 2009-2012 წლებში ეკავა. ზოდელავამ ქვეყანა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

კვირას მურთაზ ზოდელავა, მისი ყოფილი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. ჩხარტარაშვილს, წლების მანძილზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის „მარჯვენა ხელად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან ახალ ხელისუფლებასთან აქტიური “თანამშრომლობა” დაიწყო.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩხარტარაშვილმა ჩვენება ადეიშვილის წინააღმდეგაც კი მისცა და ერთი წლის მანძილზე ხელშეუხებელი იყო.

ახალმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ კი თავისი პირველი სამუშაო კვირა, სწორედ დავით ჩხატარაშვილის დაპატიმრებით დაიწყო. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე პატიმრების წამების ბრალდებით არის დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ არ იცის გამოძიებას მის მიმართაც ექნება თუ არა კითხვები.

„ჩვენ სამსახურებრივი მოვალეობის გარდა მეგობრობაც გვაკავშირებს. ამიტომ ვარ სწორედ აქ, როგორც მისი მეგობარი, ვინაიდან დაიტერესებული ვარ მისი ბედით“

ხომ არ ელით რომ ბრალდებას თქვენც წამოგიყენებენ?
„არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.“

სისხლის სამართლის საქმე ეხება 2012 წლის სექტემბერში ციხის სკანდალურ კადრებზე წინა ხელისუფლების რეაქციას. გამოძიება ამტკიცებს, რომ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და დავით ჩხატარაშვილმა ციხის რეალური კადრების გადაფარვის მიზნით, სპეციალურად დადგეს - პატიმართა წამების სცენები და განახორციელეს ვიდეოგადაღება.

საზოგადოების შედომაში შეყვანის მიზნით ვიდეოკადრების შემკვეთებად, გლდანის ციხის მაშინდელი მსჯავრდებული გენერალი თამაზ თამაზაშვილი (ამჟამიდელი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი - ზ.წ) და „ელიზი ჯგუფის“ მეპატრონე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი იყვნენ დასახელებულნი. საბოლოო მიზანი, ოპოზიციაში მყოფი კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია იყო.

ზუსტად ერთი წლის წინ, მაშინდელი მთავარი პროკურორი დავით ზოდელავა აცხადებდა, რომ ციხის კადრების ავტორმა, გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, ვიდეოკადრებში, რომელმაც შემდგომში უდიდესი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესზე, 2 მილიონი ამერიკული დოლარი აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ბედუკაძე თავადაც მონაწილეობდა პატიმრების წამებაში, ზაფხულში, იგი უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

დღეს, ვლადიმერ ბედუკაძე ამბობს, რომ დავით ჩხატარაშვილის დაკავების ფონზე, მურთაზ ზოდელავას თავისუფლებაზე ყოფნა აღმაშფოთებელია

„იმედია გამოძიება წინ წაიწევს და დაკავებული იქნება მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ინფორმირებულობის გარეშე, ჩხატარაშვილი ელემენტარულად თავის თავზე ვერ აიღებდა ამ ყველაფერს. როგორც ვიცი, იდეა ზურაბ ადეიშვილს ეკუთნოდა, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო იძებნება.“

რაც შეეხება ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარ ფიგურანტს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, იგი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პატრონაჟის ქვეშ, ბოლო ერთი წელია ბუდაპეშტში ცხოვრობს და მუშაობს.

ორი თვის წინ, ლონდონში, პრემიერმა ორბანმა დიპლომატიურად აურა გვერდი შეკითხვას, რატომ და რა სტატუსისთ იმყოფება ადეიშვილი უნგრეთში. საინტერესოა, რომ ადეიშვილის მონაცემები ინტერპოლის ბაზაში მხოლოდ არჩილ კბილაშვილის გადადგომისა და მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გაჩნდა. ადეიშვილი წითელი ცირკულარით იძებნება.

მთავარი პროკურატურის ბოლო ერთი წლის მუშაობის შეფასებისას, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს

„ბოლო ერთი წლის მანძილზე, სასამართლოში პროკურორი პროკურორს ემსგავსება. იმიტომ, რომ სასამართლოში პროცესები იმართება.

ბოლო წლებში, წინა ხელისუფლების დროს, სისხლის სამართლის პროცესი უბრალოდ არ იმართებოდა, იმიტომ რომ საპროცესო გარიგებით სრულდებოდა 10 დან 9 საქმე. ამან, ყველაფერთან ერთად პროკურორების დეკვალიფიკაციაც გამოიწვია.“


ახალი მთავარი პროკურორი, 37 წლის ოთარ ფარცხალაძე არ არის პროკურატურის კადრი. წლების მანძილზე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2013 წლის მაისიდან კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

არც „გარე“ კადრებით, პროკურატურის მართვაა სიახლე საქართველოსთვის. პირველად ეს ნაბიჯი პრეზიდენტმა გამსახურდიამ 1991 წელს გადადგა, როცა ყველაზე ცნობილი გენერალური პროკურორის ვახტანგ რაზმაძის ადგილზე, სასამართლო სფეროდან მოსული ვაჟა აბაკელია დანიშნა.

ასე მოიქცა ორჯერ პრეზიდენტი შევარდნაძეც. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 1992 წელს მან გენპროკურორად თედო ნინიძე დააწინაურა, 2001 წელს, კი გია მეფარიშვილი, თუმცა ორივე საკადრო გადაწყვეტილება წარუმატებელი გამოდგა.

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პრეზიდენტი სააკაშვილიც იგივე გზას დაადგა. 2004 წელს ოთხი თვით გენერალური პროკურორი „გარედან“ მოსული ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რომელიც ასევე „გარე“ კადრმა ზურაბ ადეიშვილმა შეცვალა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, იგივე გააკეთეს, ჯერ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა (მოიყვანა ადვოკატი არჩილ კბილაშვილი), შემდეგ კი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

საქართველოს გენერალური პროკურორები 1990-2013

ვახტანგ რაზმაძე 1990-1991
ვაჟა აბაკელია 1991
ვახტანგ რაზმაძე 1992
თედო ნინიძე 1992-1993
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1994-2000
გია მეფარიშვილი 2001
ნუგზარ გაბრიჩიძე 2001-2004
ირაკლი ოქრუაშვილი 2004
ზურაბ ადეიშვილი 2004-2008
ეკა ტყეშელაშვილი 2008
ზურაბ ადეიშვილი 2008-12
თეა წულუკიანი 2012

მთავარი პროკურორები

მამუკა გვარამია 2008-2009
მურთაზ ზოდელავა 2009-2012
არჩილ კბილაშვილი 2012-13
ოთარ ფარცხალაძე 2013- დღემდე

XS
SM
MD
LG