ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო რეკეტი და „მართლმსაჯულება მდიდრებისათვის“


თამაზ ელიზბარაშვილი და ძაღლების თავშესაფარი
თამაზ ელიზბარაშვილი და ძაღლების თავშესაფარი

საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოტანა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2004 წლის თებერვალში მოხდა

თბილისში ფინანსური პრობლემების გამო, ძაღლების ერთადერთი თანამედროვე თავშესაფარი იხურება. თავშესაფარი, რომელიც ორას ძაღლზე იყო გათვლილი, 2006 წლიდან ფუნქციონირებდა და ამ ხნის მანძილზე, იქ 600-მდე ცხოველი მოხვდა. ხუთასზე მეტ ძაღლს თავშესაფარმა ახალი პატრონი უპოვნა, ასზე მეტი დაკარგული ძაღლი კი ძველ პატრონს დაუბრუნა.

ოფიციალურად თავშესაფარს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ერქვა. ბიზნესმენი მას პირადი ფინანსებით პატრონობდა. გუშინ თამაზ ელიზბარაშვილმა „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, რომ თავშესაფარს მძიმე ფინანსური პრობლემების გამო ხურავს და ამის გამო აუცილებელია იქ დარჩენილ 50 ძაღლს პატრონი ახლავე გამოუჩნდეს.

„სამწუხაროდ დღეს ძაღლების თავშესაფარს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები და იძულებული გავხდით, რომ თავშესაფარი დაგვეხურა. მე თხოვნა მაქვს, თავშესაფარში დღეისათვის იმყოფება 50 არაჩვეულებრივი ძაღლი, მათი 80 პროცენტი არის ჯიშიანი. არის ქართული ნაგაზები, კავკასიური ნაგაზი, მათ შორის არის ერთი მსოფლიო ჩემპიონი.

მათ სასწრაფოდ სჭირდებათ პატრონი. მე კი იმედს ვიტოვებ, რომ ეს ფინანსური პრობლემა ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ დარეგულირდება და აუცილებლად გავაგრძელებ ამ საქმეს.“

ძაღლების თავშესაფარი
ძაღლების თავშესაფარი

თამაზ ელიზბარაშვილი საჯაროდ არ საუბრობს, თუ რის გამო შეექმნა ფინანსური პრობლემები. იგი, ერთ-ერთი მსხვილი, სიგარეტების იმპორტიორი კომპანია „ელიზის“ დამფუძნებელია და სულ რამდენიმე დღეა, რაც ციხიდან გამოვიდა.

2010 წლის ივნისში ელიზბარაშვილი რძალთან, მძახალთან და კიდე ერთ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად, შვიდი წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალად დაედო, მისი შვილისთვის, სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებულ გურამ ელიზბარაშვილისთვის, "ქრთამის მიცემის გზით, ყალბი ექსპერტიზის ცნობის გაკეთება". ასეთია გამოძიების ოფიციალური ვერსია.

თუმცა არაოფიციალურად, ცნობილია, რომ ელიზბარაშვილი 2009 წელს ოპოზიციის მასობრივი მიტინგების ერთ-ერთი ფინანსური დონორი იყო. 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში პროკურატურასათან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ხანგრძლივ პატიმრობას თამაზ ელიზბარაშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად, ექვსი მილიონი ლარის გადახდით დააღწია თავი.

ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ბიზნესის ტერორი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა:

„ბიზნესის 60 პროცენტზე მეტი დღეს არის სხვადასხვა საგადასახადო სამსახურების გამოძიების ქვეშ. გარდა ამისა, ისინი საპროცესო შეთანხმებებს იყენებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს გამოსძალონ თანხა.

როდესაც ბიუჯეტს ავსებ საპროცესო გადასახადებით, გარიგებებით და ჯარიმებით, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კი არ ვითარდება, პირიქით, მუხრუჭდება.

ჩვენ, რადაც დაგვიჯდება ასეთი მოპყრობა ბიზნესის მიმართ, ძალიან კარგად გამოჩნდება უკვე მომავალ წელს, როდესაც ბიზნესის დიდი უმრავლესობა ვეღარ გააგრძელებს განვითარებას.

საპროცესო გარიგებებში მათ ისეთ თანხას სთხოვენ, რომ მათ ან მოუწევთ ბიზნესის დახურვა ან გაყიდვა, რომ ისე გადაიხადონ ის მოთხოვნები რაც აქვს საგადასახადო სამსახურებს.

ერთი მთავარი პრობლემაა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე, სასამართლო ყველა გადაწყვეტილებას იღებს, მხოლოდ და მხოლოდ, პირადად იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის მითითებით.

მეორე პრობლემა, ბიზნესი ვერ ბედავს საჯარო პროტესტს, იმიტომ, მათ ყოველთვის უტოვებენ ცოტას, რაც კიდე დასაკარგი აქვთ. აი ეს არის ცინიზმი, იმ სისტემის, რომელიც შეიქმნა.“

თამაზ ელიზბარაშვილის ექვს მილიონიანი საპროცესო შეთანხმება საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, თუ რა თანხების გადახდაზე შეიძლება იყოს საუბარი სხვა ანალოგიური შემთხვევებში, რომელიც ოფიციალურად არ ხმაურდება.

უცნობია, რა თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს კომპანია „ენერჯი-ინვესტის“ გენერალური დირექტორი გენო მალაზონია. მალაზონიას გამოძიება 165 მილიონ ლარს ედავობოდა;

ჯერ კიდევ მიდის მოლაპარაკებები გადასახდელი თანხის ოდენობაზე პატიმრობაში მყოფ „მათე მოტორსის“ მეპატრონე გელა ბარკალაიასთან, „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძესთან და საინვესტიციო კომპანია “სელფორდის“ წარმომადგენლებს: ანდრია აბაშიძესა და გიორგი გიგინეიშვილთან.

ირაკლი ალასანიას თქმით, გიგინეიშვილს რვა მილიონი ლარის გადახდას სთხოვენ"

„სელფორდის ყოფილი წარმომადგენელი, ზუსტად ვიცი, რომ დაკავებულია იმიტომ, რომ მათთან გაკეთდეს საპროცესო გარიგება. დაახლოებით, რვა მილიონზეა აქ საუბარი. ეს ინფორმაცია ჩემთან დეტალურად, აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკულმა მხარემ მომიტანა.

მეკითხებოდნენ, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, რაც გამოძიების მონაცემებიდანაც ჩანს, არის ეს ადამიანი, კიდევ მეორე მის კოლეგასთან ერთად დაკავებული.

ის ბიზნესს ჯგუფები, რომლებიც ღიად გვიჭერდნენ მხარს. მათ მიმართ განხორციელდა რეპრესიული ნაბიჯები სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში.“

საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოტანა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2004 წლის თებერვალში მოხდა.

ხელისუფლება დღემდე თვლის, რომ საპროცესო გარიგება მოკლე დროში ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას უწყობს ხელს.

ეს სტატისტიკაშიც აისახა. თუ 2007 წელს საპროცესო შეთანხმებით, აღძრული სისხლის სამართლს საქმეთა 48 პროცენტი დასრულდა, 2008 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 52 პროცენტია, 2009 წელს - 58 პროცენტზე მეტია, 2010 წლის პირველი 9 თვის მონაცემით კი 78 პროცენტს გადააჭარბა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულება ბიზნესს ანგრევს:

„რაც არ ხმაურდება, ტოტალურად მიდის ეს პროცესი ანუ ქვეყნის ეკონომიკა კი არ ფართოვდება, არამედ ვიწროვდება. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების ამოღების მხრივ, თვითონ ვერტიკალში არაკორუმპირებული სისტემა შეიქმნა და ამაში არის ბუნებრივია პოზიტივი და ეს შეძლო ხელისუფლებამ, ბიუჯეტის შევსება ხდება არა ეკონომიკის გაფართოვების ხარჯზე, არამედ ეკონომიკის გამოშრობის, მაქსიმალური გამოწურვის ხარჯზე. ეს აღარ აძლევს ეკონომიკას რეინვესტირების და გაფართოების საშუალებას.“

ყველაზე დიდი საპროცესო გარიგება 2004 წელს დაფიქსირდა, მაშინ ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის სიძეს, ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძეს 15 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწია. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაში კი მის მომხრეებს შვიდ მილიონზე მეტი გადაახდევინეს.

გასული წლიდან, საპროცესო შეთანხმებით გადახდილი თანხების ოდენობა, გადამხდელი პირის უფლების დარღვევის მოტივით უკვე გასაიდუმლოებულია, პარალელურად, მთავრობა კატეგორიულად უარყოფს, რომ საპროცესო შეთანხმებას ბიუჯეტის შევსების დამატებით წყაროდ და ბიზნესის დაშინების მექანიზმად განიხილავს.

XS
SM
MD
LG