რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილებას, ერთის მხრივ, ლარის გაუფასურება მოჰყვა, რის გამო ეროვნულ ბანკს (სებ) 57 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუხდა. მეორეს მხრივ კი, პროტესტის ნიშნად, სებ-ის სამი-ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველი პოსტიდან გადადგა.
სწორედ რომ ფარცხალაძის გამო ხდება ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ფარცხალაძე დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა „ოცნების“ პარტიული ინფრასტუქტურისთვის. „ოცნება“ ალბათ, ფიქრობს, რომ ფარცხალაძე თუ გავიმეტეთ, ამის გამო სხვა „ფარცხალაძეები“ დაპანიკდებიან. დღეს ფარცხალაძე და ხვალ ვისზე გამოვა სანქცირების გადაწყვეტილება? უპირველესად ივანიშვილი მოიაზრება, ივანიშვილთან ძაან მიახლოებულია დღეს ეს რისკი“გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
ეს ცვლილება, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კიდევ ერთხელ დაძაბა, სებ-მა, აშშ-ის მიერ რუსეთის ФСБ-თან კავშირში მხილებული და სანქცირებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამო მიიღო.
„არ მჯერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადების, რომ ეს ცვლილება ფარცხალაძის გამო არ ხდება, ჩემი აზრით, სწორედ რომ ფარცხალაძის გამო ხდება ეს ყველაფერი.
სხვა მხრივ, ძალიან ძნელია აიხსნას, რომ ზუსტად მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის დასანქცირება მოხდა, შეიტანეს ეს ცვლილება და თან ეს მოჰყვა კობახიძის განცხადებას“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა.
მისი თქმით „როგორც ჩანს, ფარცხალაძე დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა „ქართული ოცნების“ პარტიული ინფრასტუქტურისთვის. „ოცნება“ ალბათ, ფიქრობს, რომ ფარცხალაძე თუ გავიმეტეთ, ამის გამო სხვა „ფარცხალაძეები“ დაპანიკდებიან და მართვის ინფრასტუქტურა ჩამოგვეშლება.
შეიძლება ფიქრობდნენ, რომ დღეს ფარცხალაძე და ხვალ ვისზე გამოვა სანქცირების გადაწყვეტილება? უპირველესად ივანიშვილი მოიაზრება, ივანიშვილთან ძაან მიახლოებულია დღეს ეს რისკი“ - მიაჩნია ბედინეიშვილს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ФСБ-თან კავშირის გამო, ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე 14 სექტემბერს შეიყვანა სანქცირებულთა სიაში; ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს დაადასტურა, რომ ქართულმა ბანკებმა აშშ-ს ხაზინის სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) მოხვედრილ ფარცხალაძეს, ყველა ანგარიში გაუყინეს და გადარიცხვებიც შეუჩერეს.
იმავე დღეს, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება დაგმო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და „საქართველოს მოქალაქე ფარცხალაძისთვის“ ანგარიშების "გაყინვას" არაკონსტიტუციური უწოდა.
19 სექტემბერს, ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელმა ნათელა თურნავამ მისივე ბრძანება შეცვალა, ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და კომერციულ ბანკებს უბრძანა, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორისთვის საბანკო ანგარიშებზე და სერვისებზე წვდომა აღედგინათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ მომავალშიც ეს პრეცედენტი (სანქცირება) განმეორდება და შეიძლება, განმეორდეს, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეთ.ნათელა თურნავა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ახალი წესის თანახმად, ფარცხალაძის (და სხვა საქართველოს მოქალაქეების) მიმართ საერთაშორისო სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მათ ბრალს საქართველოს სასამართლოც დაამტკიცებს. საუბარია იმ სასამართლოზე, რომლის მმართველი კლანის ლიდერები ასევე, აშშ-ის მიერ სანქცირებულები არიან.
თურნავამ ფარცხალაძისთვის 14 სექტემბერს საბანკო ანგარიშების ჯერ გაყინვა, 19 სექტემბერს კი საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში, ისევ ფარცხალაძის გამო, გამონაკლისის დაშვება იმით ახსნა, რომ სებ-ს ხუთი დღე დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ საქმე, „პრეცედენტული“ იყო.
„ვინაიდან შეიქმნა პირველი პრეცედენტი საქართველოს მოქალაქის დასანქცირების, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცედენტი როგორ იმოქმედებდა. არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ეს პირველი ქეისი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით თუ მომავალშიც ეს პრეცედენტი განმეორდება და შეიძლება, განმეორდეს, რადგან ჩვენ ვასრულებთ სანქციებს და მიერთებული ვართ, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეთ. ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ზეწოლას არანაირს ადგილი არ ჰქონია“ - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე თურნავამ.
ერბანკის პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებლის ბრიფინგის შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ქვეყანას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ნანობს თურნავას წარდგენას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენის შემდეგ გახდა, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი თურნავა, ჯერ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ზურაბიშვილმა თავის მხრივ თურნავას გადადგომისკენ, სებ-ის საბჭოს კი მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.
"თურნავა, რომელმაც ვერ დაიცვა ერბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს"სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი
„თურნავა, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა, ბანკის საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ეროვნული ბანკის საბჭოში ამჟამად ღრმა კრიზისია, შესაბამისად, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საბჭო ამ შემადგენლობით შეიკრიბოს და „განოკლისის წესი“ გააუქმოს.
თურნავას „ერთპიროვნული გადაწყვეტილების“ მიმართ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობები დატოვეს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ (ასევე მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ). საბჭოში დარჩნენ ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი (ვადა დეკემბერში გასდის) და თავად თურნავა.
ადგილი ჰქონდა შეცდომების სერიას, რომელმაც საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის რეპუტაცია და სანდოობის ხარისხი საკმაოდ შეარყიაგიორგი ხიშტოვანი, PMCG-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი
„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო ქმედუნარიანი ხდება, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია. ამის გამო, პრეზიდენტის და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ სასწრაფო წესით დაამტკიცა: ნანა ყეინიშვილი და თემურ ხომერიკი საბჭოს წევრებად.
საბჭოში დარჩენილი სამი ვაკანტური ადგილი, კანონის მიხედვით, ორი თვის ვადაში უნდა შეივსოს, ახალ კანდიდატებს პარლამენტში დამტკიცებამდე, ისევ ქვეყნის პრეზიდენტის თანხმობა სჭირდებათ.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომების სერიას, რომელმაც საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის რეპუტაცია და სანდოობის ხარისხი საკმაოდ შეარყია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი ხიშტოვანმა, PMCG-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა.
მისი თქმით, „ყველაფრის ერთობლიობამ დაგვანახა, რამდენად მყიფე არის, თუნდაც, თავის დროზე ისეთი მყარი ინსტიტუტის ინსტიტუციური მდგრადობა, როდესაც გარედან მათ დამოუკიდებლობაში ჩარევა და ზემოქმედება ხდება".
"ლარის გაუფასურებამ ნათლად აჩვენა როგორ არ შეიძლება ასეთი თემებით სპეკულირება და ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება“ - ამბობს გიორგი ხიშტოვანი, რომელიც 2019 წელს, პრეზიდენტმა ეროვნული საბჭოს წევრად წარადგინა, თუმცა „ოცნებამ“ მისი კანდიდატურა ჩააგდო.
როგორც მმართველი პარტია, ისე ეროვნული ბანკი სანქცირებული ფარცხალაძის გამო, საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის ცვლილებას იმით ხსნის, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.
„თქვენგან გავიგე, რომ (ფარცხალაძე) ერთი წელია (რუსეთის) მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქე რო არის ყველამ იცის ეს. არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი. სახელმწიფო დეპარტამენტში ვიღაცამ (ფარცხალაძეზე) ასეთი არასერიოზული ინფორმაცია მიიტანა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, ორი მილიარდი დოლარის აქტივები აქვს გაყინული შვეიცარიაში, მეტი რა სანქცია უნდა დაუწესონ?ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯომარე
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, საქართველოში 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრიდან ჩანს, რომ ფარცხალაძემ, როგორც რუსეთის მოქალაქემ, კომპანია „მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯი“ 2022 წლის თებერვალში დაარსა. საქართველოს კანონდებლობით, რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს ავტომატურად, ანუ, ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ასე არ მოხდა.
„თქვენგან გავიგე, რომ (ფარცხალაძე) ერთი წელია (რუსეთის) მოქალაქეა. ეხლაც არ ვიცი. (რუსეთის) მოქალაქეობის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული, მართლა არ ვიცოდი, საქართველოს მოქალაქე რომ არის ყველამ იცის ეს. არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, ეტყობა თქვენ მედიას არ ვუყურებ“ - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „სახელმწიფო დეპარტამენტში ვიღაცამ (ფარცხალაძეზე) ასეთი არასერიოზული ინფორმაცია მიიტანა“, ფარცხალაძის სანქცირება კი ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან „მის მიმართ დე ფაქტო სანქციები მოქმედებს, ორი მილიარდი დოლარის აქტივები აქვს გაყინული შვეიცარიაში, მეტი რა სანქცია უნდა დაუწესონ? ამიტომ, ვერავინ დააშანტაჟებს ივანიშვილს ასეთი ქმედებებით“.
ფარცხალაძის რუსეთის მოქალაქეობის საკითხის გააქტიურების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ, 20 სექტემბერს, დღის ბოლოს, 19:55 წუთზე, გაავრცელა განცხადება, რომ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან“.
ამ დროისთვის, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე დასრულებული ჰქონდა ყველა ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში არსებული თითქმის მთელი ქონება შვილს აჩუქა, მათ შორის ბინები, კომერციული ფართები და სასტუმროს ნომრები თბილისში და ბაკურიანში. ერთი კომპანიის 100%-იანი წილი და ეკლესია, რომელიც წავკისში მისსავე მიწაზეა აშენებული.
თორმეტი უძრავი ქონების ჩუქების მიზნით, ფარცხალაძემ საჯარო რეესტრს 20 სექტემბერს, 12 საათზე და 16 წუთზე მიმართა და რეესტრმა დაჩქარებული წესით ყველა განცხადება 18 საათვისთვის, სრულად დაუკმაყოფილა. ანზორ ანდრია ფარცხალაძე პროპუტინისტური მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას, სებ-ის მიერ პარტიული დაკვეთის შესრულებამ, რაც ექსპერტების თქმით, ასევე კონსტიტუციის დარღვევაა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილებამ საქართველოს საბანკო სისტემას? - ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა, მით უმეტეს, რომ სებ-ის კრიტიკული გადაწყვეტილების შემდეგ, ლარმა გაუფასურება დაიწყო.
საფუძველი არსებობს, რომ საბანკო სისტემას პრობლემა შეექმნას და ეს საფუძველი შექმნა „ოცნებამ“, მაგრამ ამერიკელებს არ აქვთ მიზანი რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ საქართველოში. შეიძლება ერთ სისულელეს სხვა სისულელეები დაუმატო, არ ვამბობ, რომ (ამერიკელები) ყველაფერს გვაპატიებენ, მაგრამ შესაძლებელია ამის იქეთ საქმე არ წავიდეს
„სამწუხაროდ, საფუძველი არსებობს, რომ ჩვენს საბანკო სისტემას პრობლემა შეექმნას და ეს საფუძველი შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და სებ-ის ქმედებამ, ეს რისკი მათ წარმოშვეს“ - გვითხრა ფინანსიტმა გიგა ბედინეიშვილმა.
ამასთან, ბედინეიშვილს იმედი აქვს რომ სებ-ის ეს ნაბიჯი საბანკო სისტემას პრობლემას არ შეუქმნის, რადგან „ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს არ აქვთ მიზანი რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ საქართველოში“.
„თურნავას, ივანიშვილის, ფარცხალაძის და კობახიძის დასჯა კი არ იქნება ეს, არამედ ქართული ბანკების ყველა კლიენტის დასჯა, რაც ჩვენი მეგობრების ინტერესში არანაირად არ შედის.
თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ სისულელეს სხვა სისულელეები დაუმატო..არ ვამბობ, რომ (ამერიკელები) ყველაფერს გვაპატიებენ, ლაპარაკია იმაზე, რომ ახლა, ალბათ, ზიანის კონტროლი შესაძლებელია, რომ ამის იქეთ საქმე არ წავიდეს“ - ამბობს ბედინეიშვილი.
ეროვნულ ბანკის (სებ) გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს კომერციული ბანკების დიდმა ნაწილმა, მათ შორის, TBC ბანკმა, საქართველოს ბანკმა, ბაზისბანკმა, ლიბერთი ბანკმა, ქართუმ და სხვებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა რეგულაცია და მოთხოვნა აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.
განახლება: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის ცვლილების გამო: "ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს". - აღნიშნულია IMF-ის განცხადებაში.