ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი „შეთქმულება“ თუ „ფარცხალაძის საქმის“ გადაფარვის მცდელობა?


"ფარცხალაძის საქმის" გამოძიების ნაცვლად, სუს-მა უკრაინაში მყოფი პირები, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა
"ფარცხალაძის საქმის" გამოძიების ნაცვლად, სუს-მა უკრაინაში მყოფი პირები, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადება, პირდაპირი მნიშვნელობით იყო, ბ-ნი ფარცხალაძის ძალიან მძიმე საქმის გადაფარვის მცდელობა“ - ასე აფასებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე, სუს-ის მორიგ საქმეს "ხელისუფლების დამხობის მზადებასთან" დაკავშირებით.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, პირდაპირი მნიშვნელობით იყო, ბ-ნი ფარცხალაძის ძალიან მძიმე საქმის გადაფარვის მცდელობა, ფარცხალაძე არ არის რიგითი ჯაშუში, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურმა გადაიბირა, ის პირდაპირ ბ-ნ ივანიშვილთან, მის ოჯახთან არის დაკავშირებული“
კახა ქემოკლიძე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი

ქემოკლიძე, რომელსაც სუს-ში, შსს-სა და ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სუს-ის მცდელობას იმით ხსნის, რომ „ფარცხალაძე არ არის რიგითი ჯაშუში, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურმა გადაიბირა, ის პირდაპირ ბ-ნ ივანიშვილთან, მის ოჯახთან არის დაკავშირებული“.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თვითონ სუს-ის ეს განცხადება ტექნიკურადაც მოუმზადებელი იყო. როდესაც შენ საინფორმაციო ველის შევსებას ცდილობ, განცხადებასთან ერთად გარკვეული მტკიცებულებების ან რაიმე მასალის წარმოდგენა აუცილებელია“ - გვითხრა ქემოლკიძემ.

ამავე დროს, ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ სუს-ს „რაღაც მასალა აუცილებლად ექნება“ და შემდეგ „სერიაში“ ეცდება "მიყიდოს" ეს მასალა ან სატელეფონო ჩანაწერი საზოგადოებას, როგორც „ავთენტური“ და გააძლიეროს ბრალდება.

"შემდეგ სერიაში, რაიმე ტიპის კომუნიკაციას დადებენ. შეიძლება საქართველოში მოღვაწე, ჩვენს მოქალაქეებს და ქართველებს შორის, რომლებიც უკრაინაში არიან. შეიძლება აქვე, როდესაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები რაღაც გეგმებს ერთმანეთს აცნობენ, ეს შეიძლება ჩვეულებრივი, კრიტიკული საუბარი იყოს, ნებისმიერ ადამიანს შორის, რომელიც ხელისუფლებაზე გაბრაზებულია" - მიაჩნია ქემოკლიძეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მაშინ, როცა უწყებისგან აშშ-ის მიერ რუსეთის ФСБ-თან კავშირებში მხილებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიების შედეგებს ელოდნენ, მოულოდნელად განაცხადეს, რომ "ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა, საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით, არეულობა იგეგმება".

კონტდაზვერვის ცენტრმა ისე, რომ ჯერ მტკიცებულება არ წარმოუდგენია, დესტაბილიზაციის ორგანიზატორებად დაასახელა: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გია ლორთქიფანიძე; უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეთა რაზმის „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, ქართველ მებრძოლ ჯგუფთან ერთად; პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვას საქართველო“.

"კანვასი" (The Centre for Applied Nonviolent Action and Strategies) - ყოფილი იუგოსლავიის, ყოფილი საზოგადოებრივი მოძრაობა "ოტპორის" ("წინააღმდეგობა") წევრებმა დაარსეს და მისი შტაბ-ბინა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მდებარეობს.

გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ
ბაჩა მგელაძე, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრი

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“ - აღნიშნა კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ.

გია ლორთქიფანიძეს, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს, შსს მინისტრის მოადგილის პოსტი ეჭირა, 2016 წელს, უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო მიტინგის დარბევის გამო; მასვე 2021 წელს ბრალი აქვს წაყენებული, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში უკანონო შემოყვანის ოპერაციის ორგანიზებისთვის. ლორთქიფანიძემ ადვოკატის მეშვეობით, ახალ ბრალდებას „ბოდვა“ უწოდა.

ეს სრული ბოდვაა, სუს-ი რუსეთის საქმეს აგრძელებს, ბატურინს საერთოდ არ ვიცნობ
მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური

იგივე გაიმეორა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმაც, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ასევე იდევნება. მამულაშვილმა თქვა, რომ ბრალდება „სრული ბოდვაა“, მიხეილ ბატურინს საერთოდ არ იცნობს და „სუს-ი რუსეთის საქმეს აგრძელებს“. მამულაშვილი „ქართული ლეგიონის“ კიდევ 70 მებრძოლთან ერთად, რუსეთში დაუსწრებლად არის გასამართლებული.

პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინიც უკრაინაში იბრძვის. საქართველოს ხელისუფლებას ბატურინი ერთხელ უკვე ჰყავდა დაკავებული 2020 წელს, უკრაინის ორ მოქალაქესთან ერთად, შავ ზღვაში, გონიოსთან ახლოს, უკრაინულ იახტაზე „საზღვრის უკანონო“ კვეთის ბრალდებით. ამ ოპერაციის დროს, ხელისუფლება იახტაზე სააკაშვილს ეძებდა.

ბათუმის სასამართლომ ბატურინს და კიდევ ორ უკრაინელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დაჟინებული მოთხოვნით კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სამივე პირი 2021 წლის ივლისში შეიწყალა. ბატურინიც სუს-ის ბრალდებას ბოდვად მიიჩნევს.

დაშინებად შეაფასა სუს-ის განცხადება „კანვას საქართველოს“ დირექტორმა გიორგი მელაძემ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი თქმით, ბრალდების გაჟღერებამდე არც არავის დაუკითხავს და არც შემდეგ დაკავშირებია ვინმე."ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე“ - აღნიშნა მელაძემ.

სუს-მა "შეთქმულების" ახალ საქმეზე გამოძიება, ზუსტად იმ დროს დაიწყო და "ორგანიზატორებიც" დაასახელა, როცა ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე აშშ-ის სანქციებში მოყვა
სუს-მა "შეთქმულების" ახალ საქმეზე გამოძიება, ზუსტად იმ დროს დაიწყო და "ორგანიზატორებიც" დაასახელა, როცა ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე აშშ-ის სანქციებში მოყვა

სუს-ის ბრალდება დამაჯერებელი აღმოჩნდა, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის. „ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, ცდილობს, საქართველოში არიოს სიტუაცია.

ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, ცდილობს, საქართველოში არიოს სიტუაცია
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი

დადასტურებით ვიცით, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც გასაჯაროვდა მაშინ, რომ ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარებისა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა, მათ შორის სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სუს-ის ახალ საქმეს, არ გამოხმაურებია ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მესამე სექტორთან შეხვედრის დროს, აქცენტი ისევ აშშ-ს მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე გააკეთა და ხელისუფლებას ამ მიმართულებით სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

პაპუაშვილი: "ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

„ერთ-ერთმა, ბ-ნმა კახა კალაძემ, მგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე, ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა ბ-ნო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როდესაც ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“, თუ რა არის, ერთი და იგივე არის, აგენტი.

პროკურორი ყოფილა ФСБ-ს აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როდესაც არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომლებიც ამას უნდა იძიებდნენ
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი

ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როდესაც არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომლებიც უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზე არის და მე მოვითხოვ აქა, თქვენ წინაშე, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად. დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, არამედ - მოთხოვნაა“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა სასწრაფოდ გარკვევა, ვისი რეკომენდაციით შეინარჩუნა ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს რუსეთის მოქალაქე გახდა. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ეს უკანონობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდის ავლით მოხდა.

ამ განცხადების პარალელურად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბანკების მიერ, აშშ-ის მიერ სანცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვას „საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა“ უწოდა.

სუს-ის ბრალდება, რომ თითქოს არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში უკრაინიდან იგეგმება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას"- დაწერა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

2014 წლიდან, ეს არის რიგით მერვე, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუს-ში, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების შეთქმულების მუხლით აღძრეს, რა შედეგით დასრულდა წინა საქმეები, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ამ ტიპის საქმეებს, როგორც წესი - გრიფი „საიდუმლო“ ადევს. თავად სუს-ი ირწმუნება, რომ ყველა წინა "შეთქმულება" აღკვეთა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG